ცესკოს საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიების წარმომადგენლებთან სასწავლო – საინფორმაციო შეხვედრები გამართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეების, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის, არსებული გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიეწოდათ.
მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პირადად ენახათ, თუ როგორ მუშაობს ელექტრონული აპარატები.
„ამჯერად შეხვედრებში მონაწილეობა იმ პარტიების წარმომადგენლებმა მიიღეს, რომლებიც წარმოდგენილი არიან საკანონმდებლო ორგანოში, ან იღებენ კანონით გათვალისწინებულ დაფინანსებას, ან ჰყავთ წევრი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
17-18 მარტს გამართულ სასწავლო – საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა საერთო ჯამში 700-მდე ადამიანმა მიიღო. აღნიშნული ტიპის შეხვედრები მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და უფრო ფართომასშტაბიანი გახდება“, – ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის გავრცელებულ ინფორმაციაში.