საქართველოში რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის მაჩვენებელი 67%-ია- აუდიტის სამსახური ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს ზედამხედველობის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავებისკენ მოუწოდებს. სისტემის ხარვეზებზე უწყება შესაბამისს ანგარიშში წერს და მიუთითებს, რომ მხოლოდ 2022-2023 წელს ამ კუთხით განხორციელებული 1,875 კონტროლის ღონისძიებიდან, 98%-ის შემთხვევაში დარღვევა დაფიქსირდა და თითქმის 2 მილიონი ლარის ჯარიმა გამოიწერა.
კანონის აღსრულებაში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებიც და ამბობენ, რომ არაეფექტიანი მონიტორინგის გამო კეთილსინდისიერ კომპანიებს, რომლებიც კანონს ზედმიწევნით იცავენ, არასამართლიან კონკურენტულ უწევთ ოპერირება.
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის” ხელმძღვანელის შეფასებით, აუცილებელია პროცესების სისტემატიზება მოხდეს, რადგან ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტი პაციენტებს მნიშვნელოვანი რისკების წინაშე აყენებს.
“ექიმთან ვიზიტი, სწორი ჩანაწერი და რეცეპტი არის ერთი სისტემა, თუმცა როგორც აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, რეგიონებში და თბილისშიც არის ტექნიკურ ხარვეზებთან დაკავშირებული.
ძალიან კარგად ვაფასებთ, აღნიშნულ რეგულაციას, თუმცა ის რომ ხარვეზი აუდიტმა აჩვენა, იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ბიძგი, იმისთვის რომ სწორი დასკვნები გაკეთდეს, ჩატარდეს ადეკვატური მონიტორინგი.
ის დაწესებულებები, რომლებიც ცდილობენ სწორად გააკეთონ ჩანაწერები, სწორად აღრიცხონ პაციენტები, განსხვავებულ მდგომარეობაში არიან იმ დაწესებულებებთან, რომლებიც ასეთ რაღაცას არ აკეთებენ. ლოგიკურია, რომ იყოს ადეკვატური მონიტორინგი, სადაც მოსათხოვია პასუხი და ჯარიმებია აუცილებელი ამის იმპლემენტაცია უნდა მოხდეს, იმისთვის, რომ ყველა დაწესებულება და პაციენტი იყოს ერთნაირ მდგომარეობაში,”- ამბობს საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ირაკლი მარგველაშვილი.
