ელექტრონული არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში

ელექტრონული სა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობა. ამჯერად დეზინფორმაციული განცხადებები ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ მომზადებული სიუჟეტით გავრცელდა.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას დეტალურად, აქტიურად და ამომწურავად ავრცელებს და აცნობს ყველა ჩართულ მხარეს და საქმიანობებს მაქსიმალური გამჭვირვალობით ახორციელებს, დაინტერესებული პირები მიზანმიმართულად ცდილობენ დააზიანონ საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯი და ზოგადად საარჩევნო პროცესი.

არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კოლეგიური ორგანო და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული განცხადებები თუ შეფასებები პოლიტიკურ გაერთიანებებთან აფილირების შესახებ, რომელიც სიუჟეტში არაერთხელ გაკეთდა, ერთადერთ მიზანს შესაძლოა ემსახურებოდეს – კომისიის დისკრედიტაციას. ზემოხსენებულ სიუჟეტში როგორც ჟურნალისტის, ასევე ცესკოს ზოგიერთი იმ წევრის მხრიდან, რომლებიც პოლიტიკური პარტიების მიერ არის დანიშნული, გაკეთდა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო განცხადებები, თითქოს ცესკო იცავს ხელისუფლების ინტერესებს, საუბნო საარჩევნო კომისიებს აკომპლექტებს სხვა ინსტიტუცია და არა ცესკო და ა.შ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ჟურნალისტის, ისე ცესკოს ზოგიერთი წევრის განცხადებები ნათლად ადასტურებს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების ერთადერთი ამოცანა ამომრჩევლებს შორის საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობის დათესვაა, შემდგომში ამ უნდობლობის პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად გამოსაყენებლად. როგორც ჩანს, ცესკოს საქმიანობაზე პოლიტიკური დღის წესრიგის თავსმოხვევის შეუძლებლობის გაცნობიერების შემდეგ, აღნიშნული პირები გადავიდნენ პროცესის დისკრედიტაციის და დაზიანების დაუფარავ დღის წესრიგზე, რაც მიუღებელია საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით, ვინაიდან კომისიის წევრი არ უნდა წარმოადგენდეს დამნიშნავ პოლიტიკურ პარტიას, არამედ იგი უნდა იყოს ნეიტრალური და მიუკერძოებელი.

უნდა აღინიშნოს, რომ სიუჟეტის მომზადებისას ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი კომენტარისა თუ განმარტებისთვის არც კი დაკავშირებია ცესკოს, მიუხედავად იმისა რომ საყოველთაოდ ცნობილია საარჩევნო ადმინისტრაციის გაცხადებული პოლიტიკა – ყოველთვის ამომწურავად უპასუხოს მედიის კითხვებს. ეს გარემოებაც შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ მიზანმიმართულად გავიდა სიუჟეტი ცესკოს პოზიციისა თუ განმარტებების გარეშე.

ამასთან, გვინდა მოკლედ შევეხოთ სიუჟეტში ნახსენებ იმ ფაქტობრივ უზუსტობებს, რომელიც უშუალოდ საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს ეხება:

დეზინფორმაცია ე.წ. „კარუსელებთან“ დაკავშირებით:

რეპორტაჟის ავტორი და რესპონდენტები ცდილობენ საკითხი წარმოაჩინონ ისე, თითქოს არჩევნების დღეს შესაძლებელია ე.წ. „კარუსელების“ განხორციელება. თუმცა ამ მტკიცების პარალელურად ავტორი თავადვე აღიარებს, რომ ელექტრონული არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენის უბნიდან გატანა პრაქტიკულად შეუძლებელია.

საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ ბიულეტენზე დატანილია ე.წ. QR კოდი და კონკრეტული საარჩევნო უბნისთვის განკუთვნილ ბიულეტენს სხვა უბნის ხმის მთვლელი აპარატი არ მიიღებს. ამავდროულად, ბიულეტენზე რამდენიმე მონიშვნის შემთხვევაში, ბიულეტენი ბათილია. გარდა ამისა, ბიულეტენის ზომიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი საარჩევნო უბნიდან გატანა და ამით რამენაირად მანიპულირება.

დეზინფორმაცია ვერიფიკაციის აპარატთან დაკავშირებით:

რეპორტაჟის ავტორი და რესპონდენტები ირწმუნებიან, რომ ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებით მანიპულაცია განხორციელდება. როგორც ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი სიუჟეტში ამბობს: „ცესკო გვეუბნება, რომ მე ამოვბეჭდავ იმ აპარატიდან სიას და კედლის სიას დაადარეთო, ნებისმიერ დროს შეიძლება, რომ ჩაამატო იქ ეს სია დაამატო იქ ათი კაცი რა… თუ ინტერნეტში ჩართე ეს აპარატი უკვე დისტანციურად შეიძლება ყველაფრის გაკეთება, კოდის შეცვლა, სიის ჩამატება ანუ ნებისმიერი გადანაცვლება შეგიძლია…“

სხვა პარტიის წევრი კი ამბობს, რომ „თეორიულად შესაძლებელია, რომ პირი იყოს დუბლირებული რამდენიმე უბნის სიაში მხოლოდ თეორიულად, ერთ უბანზე თუ აპარატი მეორედ ხმის მიცემის შემთხვევაში სიგნალს გამოსცემს სხვა უბანზე გამომდინარე იქიდან, რომ იქ სხვა უბნის სიაა ამ სიგნალს არ გამოსცემს და თეორიული შანსი ამისა არსებობს“.

გარდა ამისა, რეპორტაჟში საუბარი იყო იმაზე, რომ არჩევნების დღეს ამომრჩევლის აქტივობას მმართველი პარტია და ცესკო ხედავს. მაშინ როდესაც, ამომრჩეველთა აქტივობა საჯაროა, პერიოდულად ქვეყნდება ცესკოს ვებგვერდზე და მასზე წვდომა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

რეალურად კი, ვერიფიკაციის აპარატი ინტერნეტთან კავშირში არ არის და არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომელიც იქ ჩატვირთული სიის შეცვლას გახდის შესაძლებელს. ვერიფიკაციის აპარატის გამართული მუშაობა დაადასტურა საერთაშორისო ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანია „პრო ვი ენდ ვიმ“. მათ დასკვნაში ნათლად წერია, რომ ერთი პირის სხვადასხვა უბანზე დუბლირება შეუძლებელია, ვინაიდან პირს აქვს მხოლოდ ერთი უნიკალური პირადი ნომერი და პროგრამა თეორიულადაც კი არ იძლევა პირის სხვა უბანზე ჩაწერის შესაძლებლობას. ამას გარდა, პროცესში როგორც დამატებითი მექანიზმი, კვლაც შენარჩუნებულია მარკირების პროცედურა. ამავდროულად, გარდა იმისა, რომ საარჩევნო უბანზე ამოიბეჭდება სია და გაიკვრება ე.წ. კედლის სიის ვერსიასთან ერთად, პოლიტიკურ გაერთიანებებს ნებისმიერ დროს აქვთ კომისიიდან სიების გამოთხოვის შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ დამატებითი მექანიზმია იმისთვის, რომ მათი სურვილის შემთხვევაში, კომპლექსურად მოახდინონ სიების მონიტორინგი. აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოაღნიშნული ფაქტი კარგად არის ცნობილი საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის, მათ შორის ამ რეპორტაჟში მონაწილე ცესკოს წევრებისთვის, თუმცა როგორც ჩანს საარჩევნო პროცესის სანდოობაზე მაღლა ისინი პოლიტიკურ ინტერესებს აყენებენ და რიგ შემთხვევებში თეორიებითა და ვარაუდებით ცდილობენ არასწორი აღქმების და მოლოდინების შექმნას.

დეზინფორმაცია გადასატან ყუთსა და სპეციალურ სიებთან დაკავშირებით:

სიუჟეტში ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ თუ გადასატანი ყუთის სიაში მყოფი ადამიანები მივლენ საარჩევნო უბანზე, ვერიფიკაციის აპარატი სიგნალს არ გამოსცემს. იმავეს ამტკიცებს ის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთან დაკავშირებით. ამბობს, რომ თუ კომისიის წევრი ეცდება იმ უბანზე მისცეს ხმა, სადაც რეგისტრირებულია, აპარატი ხმას არ გამოსცემს.

რეალურად და პრაქტიკიდან გამომდინარე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ძირითადად ხმას აძლევენ იმ უბანზე, სადაც ისინი ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანი მივა უბანზე, სადაც რეგისტრირებულია მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, აპარატი გამოსცემს ხმას და მიუთითებს, რომ ეს კონკრეტული პირი სპეციალურ სიაშია. გარდა ამისა, კვლავ ძალაში რჩება მარკირების პროცედურა, რაც დაცვის კიდევ ერთი მექანიზმია.

ამასთან, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია შედგება 17 წევრისგან, მათ შორის 8 პროფესიული ნიშნით არჩეული, 9 კი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულისგან და გადაწყვეტილებები კომისიურად მიიღება და არა ერთპიროვნულად, რაც თავის მხრივ მიუთითებს წარმომადგენლობისა და ინკლუზიურობის მაღალ დონეზე. შესაბამისად, არ არსებობს იმის თქმის საფუძველი, რომ კომისია რომელიმე პარტიის გავლენის ქვეშ არის, ან მიკერძოებულია. აღნიშნული წესით, ასევე 17 წევრისგან შედგება ქვემდგომი საარჩევნო კომისიებიც საარჩევნო პერიოდში, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უზრუნველყოფილია როგორც დაკვირვების, ისე უშუალოდ ჩართულობის შესაძლებლობა პოლიტიკური პარტიების მხრიდან. დაკვირვების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, აქვთ ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებლებსა და არჩევნებისთვის აკრედიტებულ მედიას.

შესაბამისად, ნაცვლად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ, მათ შორის კომისიის ზოგიერთმა წევრმა, ხელი შეუწყოს არჩევნების მოდერნიზების ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში ჯანსაღ საარჩევნო გარემოს, მათი მხრიდან დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო, პროცესის დამაზიანებელი განცხადებები ვრცელდება.

საარჩევნო ადმინისტრაცია სწორედ კანონმდებლობის სრული დაცვით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აგრძელებს მუშაობას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩევლებს მაღალ პროფესიულ დონეზე მოემსახუროს. ამასთან, ჩვენი მხრივ, ვადასტურებთ რა ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლების წინაშე, ყოველთვის მივაწვდით მათ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. ჩართულ მხარეებს კი მოვუწოდებთ, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებით ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს და გარემოს.