ელექტროენერგიის კრიზისის გამო, აფხაზეთის ეკონომიკა გაჩერებულია… მაინინგით გამდიდრებულ ოჯახებს ეძებენ და ანადგურებენ- შმაგი სამხარაძე

აფხაზეთი შესაძლოა, ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს,- ამის შესახებ ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბადრა გუნბამ შაბათს, 21 დეკემბერს განაცხადა.
მთავარი მიზეზი ელექტროენერგიის დეფიციტია. დენის გათიშვას თან განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის გაჩერება მოჰყვა. ს საელჩო მოქალაქეებს მუდმივად აფრთხილებს, აფხაზეთში ვიზიტისგან თავი შეიკავონ. „სამოქალაქო თანხმობის“ დამფუძნებელი, შმაგი სამხარაძე გვიყვება, რომ ამ ეტაპზე ოკუპირებულ აფხაზეთში ეკონომიკის ყველა დარგი, ფაქტობრივად გაჩერებულია. ე.წ დროებითი მთავრობა დახმარებას მხოლოდ პენსიების სახით იღებს, მაშინ, როცა ჯერ კიდევ გასულ წელს ს ე.წ სახელმწიფო ბიუჯეტში 48% სწორედ რუსული ფული იყო. ელექტროენერგიის კრიზისში, ხელისუფლებამ მაინერებზე ნადირობა გამოაცხადა, არადა კრიპტოვალუტა იყო ის, რამაც აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური პირობები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
„აფხაზეთში, პენსიების გარდა, ფაქტობრივად, ყველა სახის დაფინანსება შეჩერებულია. დაახლოებით, 48% იყო რუსეთის წილი ე.წ აფხაზურ ბიუჯეტში, რაც ახლა შეჩერებულია, ამ სიტუაციას დაემატა ენერგეტიკული კრიზისი და თითქმის ყველა დარგი გაჩერდა. აღსანიშნავია, მანდარინის ექსპორტზე უარიც, ამ ეტაპზე ეკონომიკა სრულად გაჩერებულია. რუს ტურისტებს პირდაპირ არ უზღუდავენ აფხაზეთში ჩასვლას, მაგრამ საელჩო მუდმივად აფრთხილებს მათ, რომ მაგალითად, აფხაზეთში ელექტრო ენერგიის კრიზისია და თავი შევიკავოთ ვიზიტისგან ან პოლიტიკური არეულობაა და არ ღირს იქ ჩასვლა.
აფხაზეთში, ბოლო დროს, რაღაც დონეზე ცხოვრება გაუმჯობესდა, ვგულისხმობ ყოფით პირობებს. ისინი ჩვენგანაც ბევრი სახის დახმარებას იღებენ: მკურნალობა, ელექტრო ენერგია, რაზედაც იქ მაინინგის ბევრი ფერმა მოეწყო და ბევრი ოჯახი გამდიდრდა კიდეც. ახლა პრობლემა ისიცაა, რომ აფხაზეთში ამ მაინინგით გამდიდრებულ ოჯახებს ეძებენ და ანადგურებენ. ეს ყველაფერი დაგვირგვინდა ე.წ დეპუტატის მკვლელობით ე.წ პარლამენტის წინ“,- აღნიშნა სამხარაძემ.
რესპონდენტი გვიყვება, რომ სამოქალაქო ომის დროსთან შედარებით, ამ ეტაპზე, აფხაზეთში ცხოვრება შედარებით გაუმჯობესდა, შესაბამისად, სოციალური და შესაძლო ჰუმანიტარული კრიზისი ყველაზე მწვავე ახალგაზრდებისთვისაა.
„90-იანი წლებისგან განსხვავებით, ახლა სულ სხვა თაობა გაიზარდა, რომელიც ოდნავ მაინც, ელემენტარულ ფუფუნებას შეჩვეულია: პირადი ავტომობილი, რემონტი, კვება, ინტერნეტი, ტექნიკა. ახლა, როცა ელექტროენერგიაზე კრიზისია, ამან ტელეკომუნიკაციების სერვისის შეწყვეტა გამოიწვია, აფხაზეთში დღეში 7 საათი ინტერნეტი არ მუშაობს, ასევე მობილური სერვისიც გათიშულია. კრიზისის პირობებში, ერთადერთი, რაც აფხაზეთმა შეიძლება გააკეთოს სოფლის მეურნეობაა. სოფლებში, რაღაც დონეზე აქვთ საკვები, რითაც შეუძლიათ ელემენტარული მოთხოვნილება დაიკმაყოფილონ. ელექტროენერგია რომ ითიშება, გაზს ყიდულობენ, თუ არადა ხე-ტყეს ჩეხენ და ასე გააქვთ თავი.
აფხაზი ახალგაზრდები რუსეთს უმეტესად გარანტორად აღიქვამენ, ავტორიტარული რეჟიმი მაინცდამაინც არ უყვართ და ეს დამტკიცდა, როცა ასლან ბჟანიას ვერტიკალური სისტემის აწყობა გამზადებული ჰქონდა და მისი მმართველობა რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. ახალგაზრდებს მეტ-ნაკლებად ესმით, რა არის დემოკრატია. ჩვენს ხელისუფლებას შეუძლია არა რუსეთისკენ გადაიხაროს, არამედ, პირიქით, თბილისში დავიცვათ ევროპული არჩევანი და დავანახოთ, რომ დემოკრატია ჩვენ მხარესაა და არა რუსეთში“,- ამბობს „სამოქალაქო თანხმობის“ დამფუძნებელი.