ჰესების აშენებაზე მემორანდუმების გაფორმება დაიწყო, თუ ეს ჰესები ძალაში შევა ადგილობრივი მოხმარება სრულად დაკმაყოფილდება. ამის შესახებ “გროს ენერჯი ჯგუფის” ფინანსური დირექტორი ირაკლი ტყებუჩავა აცხადებს. მისი თქმით, ელექტროენერგიის რეალიზაციის საკითხი მოგვარებულია, დაწყებულია მემორანდუმების გაფორმების პროცესიც, ახლა კი ჯერი უკვე ინვესტორებზეა, რომლებმაც პროექტების განვითარება უნდა დაიწყოს.
ტყებუჩავა ამბობს, რომ თუ მშენებლობის ნებართვის აღების პროცესში ბიუროკრატიული ბარიერები ნაკლები იქნება და ჰესები დათქმულ ვადებში შევა ექსპლუატაციაში, აღნიშნული გენერაციის ობიექტები სრულად შეძლებენ ადგილობრივი მოხმარების დაკმაყოფილებას, თუმცა იმისთვის, რომ ელექტროენერგიის ექსპორტის პოტენციალი ავითვისოთ, აუცილებელია დიდი ჰესების აშენება, რომლის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია.
“ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რაც ელექტროენერგიის რეალიზაციას უკავშირდებოდა, ppa-ს და აუქციონის მეშვეობით მოგვარდა, ინვესტორს საშუალება აქვს ფინანსური ინსტიტუტი დაარწმუნოს, რომ რეალიზაციის კუთხით პრობლემა არ ექნება.
მეორე საკითხია მემორანდუმები, რომლებიც ფორმდება. ახლა, ჯერი არის უკვე დაპროექტებაზე, ნებართვების მიღებასა და განხორციელებაზე. ნებართვების მიღების პროცესში, სადაც მოსახლეობაც არის ჩართული და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, თუ გამარტივდება პროცესი, ვფიქრობ, რომ ის პოტენციალი რაც მომავალ 5 წელიწადში უნდა იყოს ათვისებული, წესით რეალულია.
მემორანდუმები რაც არის გაფორმებული , ის გენერაციის ობიექტები თუ შევა ექსპლუატაციაში, ის სავსებით დააკმაყოფილებს ადგილობრივ მოხმარებას, რომლის ზრდის ტემპი წლიურად 10%-ს აჭარბებს. თუმცა მე უფრო დიდ პოტენციალს ვხედავ, რომ საექსპორტო პროდუქტი შეიქმნას, ამ მხრივ საჭირო არის დიდი ჰესების მშენებლობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია პიკური რისკების დასაზღვევად, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. შეიძლება მოხმარება დავაკმაყოფილოთ, თუმცა გარკვეულ საათებში, როცა პიკია რომ არ მოგვიხდეს იმპორტით ძვირი ელექტროენერგიის შესყიდვა. ამისთვის დიდი ჰესები უნდა აშენდეს. “-აცხადებს “გროს ენერჯი ჯგუფის” ფინანსური დირექტორი ირაკლი ტყებუჩავა.