ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის – დავით ნარმანია

გასული წლის ბოლოს კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფი დაადგინა და უახლოეს პერიოდში შემცირებული ტარიფის შენარჩუნება მოხდება. ბუნებრივი გაზის სექტორშიც გრძელვადიანი ტარიფი დავადგინეთ, შესაბამისად გაზის ნაწილშიც ტარიფის რაიმე ფორმით ზრდა მოსალოდნელი არაა, – ამის შესახებ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის” (სემეკის) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნარმანიამ ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების მდგომარეობის ტექნიკური ინსპექტირების პროცესთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
“მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგეტიკის სექტორში ქსელების მდგომარეობასთან და შესრულებული სამუშაოების ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხები გაამკაცრა, რაც 2 მიმართულებით ხორციელდება. ერთი არის სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის მიერ რეგიონებში არსებული მდგომარეობის შეფასება, ქსელებში, ქვესადგურებში ტრანსფორმატორების მდგომარეობის შეფასება, იმ მთავარი პრობლემატიკის ამოწევა, რომელზეც შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა იქნეს მიმართული, მეორე კი უკვე შესრულებული საინვესტიციო პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასებაა. ტექნიკური შეფასება შესრულებული პროექტების სტანდარტებთან, ნორმებთან , წესებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს, ფინანსური კი იმას, თუ რამდენად ხარჯთეფექტიანად განხორციელდა აღნიშნული პროექტი. გამომდინარე იქიდან, რომ როგორც დედაქალაქიდან, ასევე რეგიონებიდან ჩვენთან განცხადებები შემოდის და მომხმარებლები უჩივიან განსაკუთრებით ძაბვის ხარისხს და ხშირ ავარიებს, კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ტექნიკურმა ჯგუფებმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტი, ასევე დედაქალაქი მოიარონ, არსებული მდგომარეობა ნახონ და შეაფასონ. ასევე ჩვენ მიერ დადგენილი პროექტების შესრულების წესის მიხედვით, აკრედიტებული პირების მიერ შესრულებული პროექტების ტექნიკური და ფინანსური აუდიტი ხორციელდება, რომელიც კომისიას წარედგინება და კომისია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ამ ყველაფრის გადამოწმებას ახდენს. ეს ყველაფერი 2 მთავარ ამოცანას ემსახურება: ერთი – გაუმჯობესდეს მომხმარებლებისთვის სერვისის მიწოდება , ავარიები შემცირდეს და მიწოდების საიმედოობა გაიზარდოს , მეორე – ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს გაზრდილი საინვესტიციო პაკეტი, როგორც “თელასისთვის”, ასევე “ენერგო-პრო ჯორჯიასთვის” , ამიტომ ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ გაზრდილი საინვესტიციო პროექტები ხარისხიანად და ხარჯთეფექტიანად განხორციელდეს, ანუ არ დაიხარჯოს ზედმეტი თანხები და არსებული რესურსების პირობებში ქვეყანაში მაქსიმალურად ხარისხიანი პროექტები გაკეთდეს”, – განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, იმ ადგილებიდან, სადაც შემოწმებები უკვე ჩატარდა, ძაბვის ხარისხთან და შეუსაბამობებთან დაკავშირებით ინფორმაცია კომისიაში უკვე არის. როგორც ნარმანიამ განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით, გამანაწილებელ კომპანიებს მითითებები უკვე ეძლევათ.
“ჩვენი ჯგუფები უკვე იმყოფებოდნენ სამეგრელოში, კახეთში, მიმდინარე კვირას იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არიან, გასვლითი შემოწმებები პერიოდულად დედაქალაქში ხდება.
აქედან გამომდინარე, იქიდან, სადაც უკვე შემოწმებები ჩატარდა, ინფორმაცია ძაბვის ხარისხთან და შეუსაბამობებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კომისიაში უკვე არის. აღნიშნულზე გამანაწილებელ კომპანიებს მითითებები უკვე ეძლევათ. რაც შეეხება შესრულებული პროექტების შეფასებას – შესრულებული პროექტების შეფასება ეტაპობრივად, ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოდის, ანუ აკრედიტებული პირები ამის შეფასებას აკეთებენ და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით კომისია გადამოწმებას ახდენს. ერთ-ერთი ასეთი გადამოწმება რამდენიმე თვის წინ იყო, როდესაც რეგიონში შესრულებული პროექტის ტექნიკურ სტანდარტებთან და წესებთან შეუსაბამობა აღმოჩნდა, რომლის გამოც გამანაწილებელი კომპანიის დაჯარიმება მოხდა, ხოლო შემსრულებელი აკრედიტებული კომპანიის შესახებ ინფორმაცია აკრედიტაციის ეროვნულ ბიუროს გაეგზავნა. ბიურომ იმსჯელა და აღნიშნულ კომპანიას აკრედიტაცია ჩამოერთვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი, რომ შემსრულებელმა კომპანიებმა სამუშაოები ხარისხიანად კვალიფიციურად,სტანდარტებთან და წესებთან შესაბამისად შეასრულონ , სხვა შემთხვევაში ამას აუცილებლად პასუხისმგებლობა მოჰყვება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ასევე დაგაინტერესებთ