ელექტროენერგიისა და წყლის პრობლემა შესაძლოა ერთი კვირის განმავლობაში გადაუწყვეტელი იყოს და ეს უცხოელი ტურისტისთვის კატასტროფაა – ნიკა კვარაცხელია

რა ტენდენციები იყო ტურიზმის სექტორში 2023 წელს. გამყვანი და შიდა ტურიზმის გამოწვევებსა და მოლოდინებზე „კომერსანტის“ ეთერში Diverse Travel-ის დამფუძნებელმა ნიკა კვარაცხელიამ ისაუბრა.
მისი თქმით, 2023 წელი უცხოელი ტურისტების შემოსვლის მხრივ ნორმალური იყო, შეინიშნებოდა სექტორის აღდგენის დინამიკა, თუმცა გასულმა წელმა მოლოდინები ბოლომდე ვერ დააკმაყოფილა.

„მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა საქსტატის რიცხვებში შესაძლოა ცოტა უფრო პოზიტიური დინამიკა გვენახა, ეს სამწუხაროდ უფრო განპირობებული იყო ჩვენი ჩრდილოელი მეზობლიდან შემოსულებით, ეს ადამიანები კი ჩვენ ქვეყანას ან ტრანზიტულად იყენებდნენ ჩვენ ქვეყანას, ან ნაკლებად სარგებლობდნენ ტურისტული მომსახურებით,“ – აღნიშნა ნიკა კვარაცხელიამ.

მისი თქმით, აქტიურობა შეინიშნება გამყვანი ტურიზმის მხრივაც. როგორც მან აღნიშნა საქართველოს მოქალაქეებში მოგზაურობის კულტურა ინერგება და მზარდი ტენდენციაა, მათ შორის ახალი მიმართულებებით.

რაც შეეხება შიდა ტურიზმის გამოწვევებს, ნიკა კვარაცხელია ამბობს, რომ მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტია, მისი თქმით, მაგალითად ზამთრის კურორტებზე არ არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც ტურისტებისთვის სერიოზული პრობლემაა.

„ელექტროენერგიისა და წყლის პრობლემა შესაძლოა ერთი კვირის განმავლობაში გადაუწყვეტელი იყოს და ეს არის უცხოელი ტურისტისთვის კატასტროფა,“- აღნიშნა ნიკა კვარაცხელიამ.

ნიკა კვარაცხელიას თქმით, 2024 წელს პოზიტიური მოლოდინები აქვთ, რისი ერთ-ერთი ფაქტორიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსია, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ქვეყანაში მაღალი მხარჯველობითი უნარის მქონე ტურისტების მოზიდვას.