ელექტროენერგიაზე გამჭვირვალე ფასი კერძო ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას იძევა – Frosio Next

საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარს უნიკალური შესაძლებლობები აქვს – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ ინჟინერიის იტალიური კომპანია Frosio Next-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი დავიდე კაზაგო აცხადებს.
მისი თქმით, საქართველოს ბაზარზე, როგორც ჰიდრო, ასევე სხვა განახლებადი ენერგიების ათვისებას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს.
„მთლიანად, განახლებადი სექტორის საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ ბაზარზე შემოსვლა. ჩვენ აქ უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს: არსებობს განსხვავებული სიმძლავრის პროექტები, მცირე სიმძლავრიდან ასეულობით დადგმული სიმძლავრეების განვითარების შესაძლებლობა, რაც ამ ბაზრის უნიკალურ შესაძლებლობებზე მიუთითებს“ – ამბობს დავიდე კაზაგო.
მისივე თქმით, სექტორის სათანადო განვითარებისთვის საჭიროა შესაბამისი სტაბილური და ცხადი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, ასევე, ელექტროენერგიაზე გამჭვირვალე ფასი.
„ეს წინაპირობაა სექტორში კერძო ინვესტიციების მოზიდვის და შემდგომი განვითარების შესაძლებლობებისა. მნიშვნელოვანია ცხადი, გრძელვადიანი ფასები არსებობდეს ენერგიაზე – განჭვრეტად გარემოს კი შეუძლია მოიზიდოს ინვესტიციები და გაამარტივოს დაფინანსება.
იტალიაში შედარებით განსხვავებული გამოცდილება გვაქვს – საუბარი მაქვს Feed in ტარიფზე, საქართველომ კი ახლახან გაუშვა CFD ბაზარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლო განვითარებისთვის“ – ამბობს Frosio Next-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი.
bp.ge