„ელექტროენერგეტიკის სისტემაში ბევრი გამოწვევაა, მათ შორისაა ელექტროენერგიის წყვეტა“ – თორნიკე აფრიაშვილი

სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის, თორნიკე აფრიაშვილის ინფორმაციით, ელექტროენერგეტიკის სისტემაში ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობს, მათ შორისაა ელექტროენერგიის წყვეტა.
როგორც გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” სემეკის წარმომადგენელი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში, სექტორს მომხმარებლების მხრიდან, როგორც გეგმურ, ასევე არაგეგმურ წყვეტასთან დაკავშირებით საკმაოდ მაღალი მომართვიანობა აქვს.
“მოსახლეობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით (ელექტროენერგიის წყვეტა) წუხილს გამოთქვამს. ამასთან, ამ ზაფხულს ელექტროენერგიის ძაბვის ხარისხის პრობლემაც გამოიკვეთა. ამჟამად, ელექტოენერგიის მომსახურების ხარისხში რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
საინვესტიციო გეგმით, ჩვენთან კომპანიები 1 ივნისამდე ვალდებული არიან წარმოადგინონ, ქსელის განვითარების 5 წლიანი გეგმა, თუ რა პროექტები უნდა განახორციელონ – სად, რა პრობლემური საკითხი უნდა გამოასწორონ. მარეგულირებელი კომისიის პროექტების განსაზღვრაზე, რომ ვისაუბროთ ესაა: წყვეტების მაჩვენებლის გაუმჯობესება, დანაკარგების შემცირება, ძაბვის ხარისხის გაუმჯობესება. აქვე უნდა აღინიშნოს რთულ რელიეფზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზები, მაგალითად, გასულ წელს ვნახეთ, გურიაში დიდთოვლობის გამო Energo-pro Georgia რამდენ სირთულეს აწყდებოდა. კერძოდ, ელექტროგადამცემ ხაზებთან რელიეფის გამო ვერ მიდიოდნენ, შესაბამისად, აღნიშნული პროექტები, რაც ჩვენთანაა წარმოდგენილი მსგავს ლოკაციების გათავისუფლებას და გადამცემი ხაზების ხელმისაწვდომ ადგილებში გადატანას მოიაზრებს”, – აცხადებს სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი.
თორნიკე აფრიაშვილი სამომავლო მოლოდინების შესახებაც საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ წელს კომპანიებს ელექტროენერგიის უფრო ნაკლები წყვეტა ექნებათ.
“მონიტორინგს დღესაც ვახორციელებთ, იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული დარღვევები აღმოვაჩინეთ კომპანიას პრობლემის გამოსწორებისთვის გონივრული ვადა მიეცემა და თუ აღნიშნული დარღვევა ვერ გამოასწორა, დაფინანსება თავისი მოგებიდან მოუწევს. 2024-2025 წლებში კომპანიებმა საკმაოდ ინტენსიური სამუშაოები ჩაატარეს და იმაზე უფრო მზად ვართ, ვიდრე გასულ პერიოდში”, – აღნიშნავს თორნიკე აფრიაშვილი.
წყარო: ბიზნესპარტნიორი