ეს არის პირდაპირ შემოსული რუსეთი ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ერთადერთი, რაც უნდა პუტინს ჩვენს ქვეყანაში და, ბუნებრივია, ჩვენ ყველანი ამას უნდა აღვუდგეთ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენოს.
როგორც ხოშტარიამ პრეზიდენტთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, შეხვედრის შემდეგ განცხადებები გაკეთდება და ოპოზიცია საზოგადოებას მიმართავს.
“კრიტიკული მომენტია, ნამდვილად, იმიტომ, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება ბედავს და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ აცხადებს, რომ მთავარი ჩვენი ისტორიული ამოცანა, კონსტიტუციაში ჩაწერილი კონკრეტული ამოცანა – ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი უნდა გააჩერონ. ეს არის პირდაპირ შემოსული რუსეთი ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ერთადერთი, რაც უნდა პუტინს ჩვენს ქვეყანაში და, ბუნებრივია, ჩვენ ყველანი ამას უნდა აღვუდგეთ. ეს იყო მოსალოდნელი მომენტი, ჩვენ მზად ვართ ამ მომენტისთვის, ჩვენ მზად ვართ ამ გამოწვევისთვის, ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც არის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, რომელსაც ცნობს მსოფლიო. ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელმაც გაიმარჯვა და ჩვენი ვალია, ახლა დავდგეთ ერთად და წინააღმდეგობის მოძრაობა და ლეგიტიმური პროცესი, რომელიც ხალხის ინტერესებს ასახავს, ის შევქმნათ. ახლა ჩვენ გვექნება ერთობლივი შეხვედრა, საზოგადოებასაც მივმართავთ, ყველაფერს ვიმოქმედებთ ისე, როგორც საჭიროა”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა.
კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.