„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, საკუთარი ინიციატივით დღეს ლევან ხაბეიშვილს შეხვდა. როგორც ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, ასევე ჰქონდა კომუნიკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებთან.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიციამ მათ შორის არსებული კამათი საზოგადოებას თავს არ უნდა მოახვიოს, მითუმეტეს ხისტი ფორმებით.
„დღეს ჩემი ინიციატივით შევხვდი ლევან ხაბეიშვილს. ასევე მქონდა კომუნიკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან.
ჩემი დამოკიდებულება 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით, არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა გამოვაცხადოთ ცვლილების თარიღები, თუ რატომ უნდა მოვუფრთხილდეთ ყველა პოლიტიკურ დაპირებას და სიტყვას, რჩება იგივე.
ამასთანავე, სრულიად ვიაზრებ, რომ საზოგადოებას ეს კამათები თავს არ უნდა მოვახვიოთ, მითუმეტეს ხისტი ფორმებით.
პატივისცემა მინდა გამოვხატო ართანამშრომლობაში და ბრძოლაში მყოფ ყველა ადამიანის და პარტიის მიმართ, ამ კონკრეტულ კონტექსტში კი თინა ბოკუჩავას და ლევან ხაბეიშვილის მიმართ.
სწორი იდეის გარშემო ერთობით გავიმარჯვებთ. ბოდიშს ვუხდი საზოგადოების ყველა წევრს, ვისი ენერგიაც ამ ეპიზოდზე დაიხარჯა”, – წერს ელენე ხოშტარია.
