ელენე ხოშტარია: სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა
24 მარ 202618:27
მე აქ არაფერი მიჭირს და არაფერი მაკლია. გავაგრძელოთ ბრძოლა, მე აქედან, თქვენ – მაქედან. ბოლომდე, – ასე ეხმაურება პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.
“როდესაც რუსულ რეჟიმს ებრძვი , არ აღიარებ და გესმის – რა ბრძოლაში ხარ, გასაოცარი, უპასუხისმგებლოც კი იქნებოდა, არ იყო მზად მთელი რიგი დისკომფორტისთვის. ამ ფონზეც კი, სრულიად გულწრფელად, შეულამაზებლად მინდა გითხრათ: სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა. ვიღაცამ ოფლიც მოიწმინდა – ერთი საკითხი მოვაგვარეთო, დავსაჯეთო. მეგობრებო! ჩემთვის სასჯელი იქნებოდა, შემშინებოდა და შევგუებოდი რუსებს, არ მოვმზადებულიყავი მათთან ბრძოლისთვის. მართლა მეცინება მათზე, ვისაც ციხე სასჯელი ან ბრძოლის შენელება ჰგონია. პირიქით, ერთგვარ სიამოვნებას მგვრის, ხან ე.წ. მოსამართლე, ხან სხვა ნებისმიერი ქოცი, აღიარებას რომ მეხვეწება. რა ხერხსაც არ უნდა მიმართონ, ყველა განწირულია. მეცინება მათ ფაციფუცზე. ზუსტად მაქვს გააზრებული მათი სუსტი წერტილები და სწორედ იქ მიიღებენ მშვიდად და წყნარად ჩვენგან დარტყმებს. ერთ საკითხსაც მინდა შევეხო. მხოლოდ ერთხელ. ჩემს ოთხ შვილზე მე და ჩემი ოჯახი ვართ პასუხისმგებელნი და “ქოცების” იმედად, ღმერთმა დამიფაროს, როდესმე დამეტოვებინოს. ჩემს ოთხ შვილს რუსის მოწყალება არ სჭირდება. მათ კარგად იციან, რისთვის იღებენ ამ განსაცდელს, “ქოცზე” ბევრად უფრო კარგად! აქვე მინდა მადლობა გადავუხადო “ოპოზიციურ ალიანსს” ძალიან ზუსტი აქცენტისთვის, არანაირი ვაჭრობა არ იქნება! და მადლობა ყველას: ჟურნალისტებს, აქტივისტებს და საერთოდ ყველა მოქალაქეს თანადგომისთვის. მადლობა ციხის ადმინისტრაციას, უკლებლივ ყველას. მე აქ არაფერი მიჭირს და არაფერი მაკლია. გავაგრძელოთ ბრძოლა, მე აქედან, თქვენ – მაქედან. ბოლომდე!“,- წერს ხოშტარია თავის წერილში.
ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო. არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.