სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, რომელიც ასახავს კონსტიტუციას, ხალხის ინტერესს და ჩვენს ევროპულ დღის წესრიგს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტთან საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და არჩევნების არაღიარება იყო.
„პრეზიდენტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ყველა ის რეზოლუცია, რასაც იღებენ და არჩევნების არაღიარება ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი მინდოდა ზოგადად პოლიტიკურ პროცესებზე, აზრების გაცვლა, კონსულტაცია იყო. არაფერი განსაკუთრებული არ დაგვიგეგმავს. ყველა მიმართულებით ვიმსჯელეთ, რაც ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, ეს არის არაღიარება, ამ ხელისუფლების დელეგიტიმაცია, რაც ახლა ხდება. არცერთი პოლიტიკური პარტია ამ პარლამენტს არ აღიარებს”, – განაცხადა ხოშტარიამ.
მისი თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე ასევე წინააღმდეგობის მოძრაობაზე იმსჯელეს.
რაც შეეხება პრეზიდენტის სამომავლო გეგმებს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ამის თაობაზე სალომე ზურაბიშვილი თავად ისაუბრებს, როცა საჭიროდ ჩათვლის.
„პრეზიდენტის როლზე და თვითონ რას აპირებს, ამაზე არ გვისაუბრია. ფაქტია, დღეს ის არის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი და ამ ქვეყნის ევროპული დღის წესრიგის ლიდერი. მიმაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილს ახლაც და ზოგადად, მთელი ამ კრიზისის განმავლობაში ისტორიული როლი და მისია აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით საზოგადოების გამთლიანებაში, ასევე ქვეყნის გარეთაც”, – განაცხადა ხოშტარიამ.
ამასთან, ხოშტარიას თქმით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც ქართველი ხალხის მხარდაჭერასა და „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებაზეა საუბარი.