კომიკური იყო „ქართული ოცნების“ რეაქცია, რომლებმაც პრაქტიკულად, გაგდების შემდეგ გამოაცხადეს, რომ თავად ტოვებენ ასამბლეას – ზუსტად იგივე რამ გააკეთა რუსეთმა 2022 წელს – ეს ანალოგი ძალიან ნიშანდობლივია თუ როგორ მიჰყვება რუსულ კვალს „ქართული ოცნება“ , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროსაბჭოს ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია ქართველი ხალხის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ [მიღებულ რეზოლუციაში] პირდაპირ ასახა რისთვისაც იბრძვიან ადამიანები, რისთვისაც პოლიტპატიმრები არიან საპყრობილეში. ეს ქართველი ხალხის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. ასამბლეამ, პრაქტიკულად, შეზღუდა „ქართული ოცნების“ ყველანაირი ფუნქციონირება PACE-ში. მათ ყველა ფუნქცია შეუზღუდეს და ფორმალურად დატოვეს იმ პირობის შესრულებისთვის, რომელიც მოთხოვნილია. ეს არის მნიშვნელოვანი წარმატება და ნაბიჯი არაღიარების პოლიტიკისთვის, „ქართული ოცნების“ იზოლაციისთვის, სანქციებისთვის და რაც მთავარია, ჩვენი პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის და მოძალადეების დასჯისთვის.
ძალიან კომიკური იყო „ქართული ოცნების“ რეაქცია“, რომლებმაც პრაქტიკულად, გაგდების შემდეგ გამოაცხადეს, რომ თავად ტოვებენ ასამბლეას. ზუსტად იგივე რამ გააკეთა რუსეთმა 2022 წელს, როდესაც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ისინი ევროსაბჭოდან გარიცხეს და დადგეს სპექტაკლი, თითქოს თავად ტოვებდნენ ევროსაბჭოს. ეს ანალოგი ძალიან ნიშანდობლივია თუ როგორ მიჰყვება რუსულ კვალს „ქართული ოცნება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ხოშტარიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ ასამბლეასთან დაპირისპირებით უნდოდა საქართველოს იზოლაცია ევროპისგან, მაგრამ მიიღო საკუთარი გუნდის და დაჯგუფების იზოლაცია.
„მნიშვნელოვანი არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ექცევა სრულ იზოლაციაში, ხოლო ქართველი ხალხი იღებს მეტ და მეტ მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისგან. „ქართულ ოცნებას“ ასამბლეასთან დაპირისპირებით უნდოდა საქართველოს იზოლაცია ევროპისგან, მაგრამ მიიღო საკუთარი გუნდის და დაჯგუფების იზოლაცია. ასევე, მიიღო კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა ქართველი ხალხის. ეს არის ყველა იმ ადამიანის მნიშვნელოვანი დამსახურება, ვინც ამდენი ხანი იბრძვის.
ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ არაღიარების, სანქცირების პოლიტიკის, ყველა მოძალადის დასჯის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მათ ბრძოლას ძალიან კონკრეტული შედეგები აქვს. ის დამოკიდებულება, რაც გამოავლინა „ქართულმა ოცნებამ“, კერძოდ წულუკიანმა ასამბლეის მიმართ, ეს არის ჩვენი სახელმწიფოსა და ფასეულობების შეურაცხყოფა, რადგან ასამბლეა სწორედ ის ადგილია, სადაც პირველად გაჟღერდა ჩვენი ევროპული მისწრაფებების შესახებ – „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“. ასე რომ, ჩვენ ამ გზას გავივლით ერთად და ვიქნებით ევროპის ნაწილი“, – განაცხადა ხოშტარიამ.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114-მა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.
აღნიშნული რეზოლუციის მიღების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.
როგორც თეა წულუკიანმა გადაწყვეტილების გაჟღერებისას განმარტა, დოკუმენტის „არაერთი დათქმა მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია“.
