ელენე ხოშტარია – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ამუშავება ძალიან სერიოზული სიგნალია – ეს, ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, „ოცნების“ დასასჯელად პირველი ნაბიჯია და ასეთი ნაბიჯები არ იდგმება ისე, რომ შემდეგზე არ იყოს ნაფიქრი

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ამუშავება ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი სიგნალია – ეს, ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, „ოცნების“ დასასჯელად გადადგმული პირველი ნაბიჯია,- ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ეუთო-ს მიერ საქართველოზე „მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურებას.

როგორც ელენე ხოშტარია წერს, ასეთი ნაბიჯები არ იდგმება დასავლური ინსტიტუტების მხრიდან ისე, რომ შემდეგ ნაბიჯებზე არ იყოს ნაფიქრი.

„ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის” ამუშავება ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი სიგნალია. 1. „ოცნებას“ არა მარტო არ აღიარებენ, მათ მიღმა იწყებენ საქართველოში მოქმედებას; 2. ეს, ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, „ოცნების“ დასასჯელად გადადგმული პირველი ნაბიჯია; 3. ეს არის არა მხოლოდ ქიმიური იარაღის, არამედ ქვეყანაში შექმნილი საერთო კონტექსტის დამდგენი ჯგუფი; 4. ასეთი ნაბიჯები არ იდგმება დასავლური ინსტიტუტების მხრიდან ისე, რომ შემდეგ ნაბიჯებზე არ იყოს ნაფიქრი; 5. ეს არის საზოგადოებრივი პროტესტისა და ოპოზიციის მუშაობის შედეგი! მოქმედებას მოაქვს შედეგი!

ბოლომდე! ელენე ხოშტარია, რუსთავის ქალთა ციხე“,-წერს ხოშტარია.

შეგახსენებთ, საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ეუთო-ს წევრი 24 ქვეყანა ექსპერტულ მისიას ქმნის. შესაბამის განცხადებას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ 24-მა ქვეყანამ ეუთოს “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ექსპერტული მისია შეიქმნას. ასევე, განცხადებაში ისინი მოუწოდებენ საქართველოს, ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს მისიის მუშაობას.