ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადებით, ელენე ხოშტარიამ კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე დაცვის უფლებაზე უარი განაცხადა.
„ელენეს მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი ფარსია. მას არ სურს რომ რამე ტიპის სამართლებრივი პროცედურები ან იურიდიულ კაზუისტიკაზე მსჯელობა გამართოს რეჟიმთან, ამიტომ ის უარს ამბობს ამ საქმეზე დაცვის უფლებაზე . მე ვრჩები მის ადვოკატად ზოგადად, თუმცა ამ საქმეში მის ინტერესებს აღარ დავიცავ… მას არ უნდა, რომ საზოგადოების ან თუნდაც მისი დროის და ყურადღების ძალიან მცირე ნაწილიც კი რომ დაუთმოს ამ ფარსს, რომელსაც ჰქვია ქართული მართლმსაჯულება“, — განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
შოთა თუთბერიძის აზრით, ამ პირობებში პროცესი წარიმართება უფრო ცუდად და ნაკლები საზოგადოებრივი ყურადღების ფონზე, თუმცა შედეგი იგივე დადგება, მას ან სხვა ადვოკატს რომ ბრალდებულის ინტერესები დაეცვა.
ადვოკატისთვის უცნობია, აღკვეთის ღონისძიების სახით რას ითხოვს პროკურატურა.
განცხადება გაავრცელა თავად ხოშტარიამაც.
„დღეს იზოლატორში შემოვიდა „სანდომიანი მამაკაცი“, გულდასმით გაპარსული წვერით და მოწესრიგებული. მივესალმე, რას ვერჩი, მაგრამ სულ რამდენიმე წუთში ეს სანდომიანი მამაკაცი გადაიქცა რუსული სისტემის ჭანჭიკად, რასაც გულისტკივილით ვადევნებდი თვალს. სრული სერიოზულობით გადაწყვიტა, რომ წამიკითხოს „ბრალი“ თავად ამ ბრალის ჟღერადობრივი ნაწილი ჩემში სიცილის დაუოკებელ სურვილს იწვევდა. მართლა ეგონა, რამეს სერიოზული სახით წარმართავდა. ცხადია, შევწყვიტე ეს სპექტაკლი. კარგად მინდა გესმოდეთ განსაკუთრებით ჩემს მეგობრებს და გულშემატკივრებს. ამ ფარსში მილიმეტრითაც კი მონაწილეობის მიღება დაუშვებლად მიმაჩნია“, — აცხადებს ხოშტარია.
მისი თქმით, გარდა იმისა, რომ თავმოყვარეობის საკითხია „ბანერის დასვრის დიამეტრზე“ საუბარი, პატარა დოზითაც კი სიყალბეში ტექნიკური შეყოლა მასთან შეგუებაა, რასაც არ აპირებს.
„შესაბამისად, უარს ვამბობ დაცვაზე, უარს ვამბობ სასამართლოში გამოცხადებაზე და ყველას გთხოვთ, არ შეწუხდეთ და არ მიხვიდეთ. კერონ, ჭრან, წერონ და იკითხონ. დიდი მადლობა ჩემს ადვოკატს შოთა თუთბერიძეს, რომელიც ამ არაორდინალურ ფორმაზე წამომყვა. ბოლომდე!“ — აცხადებს ხოშტარია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია კახა კალაძის ბანერის დაზიანების გამო, რამაც, ბრალდების მხარის დათვლით, 570 ლარის ზიანი გამოიწვია.
მეგი დიასამიძისადმი სოლიდარობის ნიშნად, ხოშტარიამ კალაძის ბანერს მარკერით „რუსული ოცნება“ დააწერა.
