ადმინისტრაციული წესით დაკავებული პოლიტიკოსის, კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, ელენე ხოშტარიას, ადვოკატის, თეონა ზაქრაშვილის განცხადებით, ხოშტარია დიღმის მთავარი სამმართველოდან გაათავისუფლეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზაქრაშვილმა განუცხადა, 24-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, ის იზოლატორიდან გამოუშვეს.
ადვოკატისთვის დანარჩენი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ელენე ხოშტარიას გათავისუფლების შესახებ წერს კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამიაც, როგორც ის აღნიშნავს, ხოშტარია სასამართლოს გარეშე გაათავისუფლეს.
„ამ წუთას ელენე გამოუშვეს იზოლატორიდან. არც სასამართლო, არც რამე საფუძვლის მითითება. უბრალოდ, კარი გაუღეს და გადი აქედანო, უთხრეს“, – წერს გვარამია.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარია პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 28 მარტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
