ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარტია „დროას“ დამფუძნებელი და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მისი და მისი პარტიის საბანკო ანგარიშები დააყადაღეს.
ელენე ხოშტარია ქართულმა სასამართლოებმა არაერთხელ დააჯარიმეს, მათ შორის ერთ-ერთი ბოლო ჯარიმა დაეკისრა პოლიციელებისთვის „მონის“ დაძახების გამო. პოლიტიკოსი არ ესწრება მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებს.
„დამაყადაღენ… ვაი თქვენს პატრონს! შემოწირულობები უსაფრთხო ადგილას მქონდა დაბინავებული, 17 ლარი მოიჭრა სულ. არ გადაგცდეთ ეგ 17 ლარი.
არასდროს არცერთ ჯარიმას არ ეღირსებით ჩემგან, არცერთ დაკითხვაზე გამოცხადებას და არცერთ სასამართლო სხდომაზე მოსვლას“, – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“.
2024 წლის 28 ნოემბერის შემდეგ, როცა დაიწყო აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, ხელისუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ არაერთი კანონი მიიღო, რომლითაც შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება – მათ შორის, დააწესა ჯარიმები პოლიტიკოსებისთვის „მონის“ დაძახების გამო, გაზარდა სანქცია გზის გადაკეტისთვის, აკრძალა აქციებზე ლაზერების მიტანა და ა.შ.
