ელენე ხოშტარიას მიერ დაგეგმილი პრეზენტაცია ხედვის: “ართანამშრომლობა – როგორ ვამარცხებთ რუსულ რეჟიმს”, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაუქმდა

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამწუხაროდ, დღევანდელი პრეზენტაცია ვერ ჩატარდება,- ამის შეასახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, გიგა ლემონჯავამ ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა.
მისი განმარტებით, პრეზენტაცია მაშინ გაიმართება, როდესაც ამას პოლიტიკოსი ფიზიკურად შეძლებს.
“მას გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, სამედიცინო კონსულტაცია, თუმცა პრეზენტაციის ჩატარება, სამწუხაროდ, დღეს ვერ მოხერხდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით გადაწყდება, თუ როდის
იქნება ეს პრეზენტაცია. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ ადამაიანს, ვინც ამ პრეზენტაციის მოსასმენად აქ მოვიდა და მინდა მივცე სიტყვა, რომ ამ პრეზენტაციას ისინი მოისმენენ, როგორც კი ელენე ამას ფიზიკურად შეძლებს.
ელენეს წნევა ჰქონდა მომატებული. მიიღო წნევის დამწევი შესაბამისი მედიკამენტი. ამჟამად მისი მდგომარეობა არის ნორმალური”,- განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია, რომელიც საქართველოს პარლამენტთან მეორე დღეა შიმშილობს, განცხადების გაკეთებას აპირებდა. ის გეგმავდა მოქალაქეებისთვის წარედგინა ხედვა: “ართანამშრომლობა – როგორ ვამარცხებთ რუსულ რეჟიმს”.
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა გუშინ დაიწყო, კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ კი დღეს. ხოშტარიასა და ფოფხაძის შიმშილობის აქტს დღესვე შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვა და ბაჩო კუცია.