გაგაფრთხილეთ, რომ მოგეკითხებათ! რა ბოდვაა ეს? მიპასუხეთ, რამ შეგაშინათ ასე, რატომ წაუწექით ასე პუტინს, რატომ გაასწორეთ საქართველო მიწასთან, ვინ მოგცათ ამის უფლება? – ასე მიმართავს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დედა, ირინა გუნცაძე ხელისუფლებას.
როგორც მან ელენე ხოშტარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება არ შერჩება.
„რეები მოიგონეთ, რას „სტალინისტობთ“ აქ? საცოდავებო, რა დღეში ხართ საერთოდ, ვის ეშინია თქვენი? რომ დაგაწვინეს არჩევნების დროს ზურგზე? ეს ვერ აიტანეთ? არა, იმიტომ, რომ შაიგუმ დაგავალათ ამის გაკეთება? ვინ „ჭამს“ ამას, საქართველოს რომელი მოქალაქე? რას ბოდავთ გეკითხებით? გაფრთხილებთ, დედა გეტირებათ ამ ბოდვისთვის. ვის უბედავთ? საქართველოს ისტორიას უბედავთ ამას? ვინ მოგცათ ამის უფლება? დედას გიტირებთ! მთელ მსოფლიოს ფეხზე დავაყენებთ. მსოფლიო ფეხზე დადგება. რას ფიქრობთ საერთოდ, შვილები არ გყავთ საერთოდ? გეკითხებით“, – განაცხადა ირინა გუნცაძემ.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერების – მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. როგორც გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.




