ელევატორებმა 73.2 მლნ. ლარის ღირებულების 65 ათასი ტონა პროდუქცია გაყიდეს

2025 წლის II კვარტალში, ელევატორებმა 73.2 მლნ. ლარის ღირებულების 65 ათასი ტონა პროდუქცია გაყიდეს, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ღირებულებაში შემცირებული მაჩვენებელია, ხოლო მოცულობაში გაზრდილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ელევატორების მიერ გასაყიდი პროდუქციის ღირებულება შემცირდა, – ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებიდან.
აღმოჩნდა, რომ აპრილ-ივნისში ელევატორებიდან გაყიდული პროდუქტის 32.9% იმპორტირებული იყო, 58.3% – ადგილობრივი.
ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 78.4%.
ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 45.6%-ს, მაისში – 45.2%-ს, ხოლო ივნისში – 45.8%-ს.
2025 წლის II კვარტალში საქართველოში 29 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (34.5%) რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 20.7% სამეგრელო-ზემო სვანეთში, 13.8% კახეთში, 10.3% – შიდა ქართლში, 10.3% – ქ. თბილისში, 6.9% – იმერეთში, 3.4% – გურიაში ფუნქციონირებდა.
ამ პერიოდში მომსახურება 15 მომხმარებელს გაეწია. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 41 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 390 კაცით განისაზღვრა.
ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 116.8 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 65.8%-ს წარმოადგენდა ხორბალი და 17.5%-ს სოიოს შროტი.
საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 65.6%-ს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.