ელგუჯა ბაგრატიონი – როგორც „ქართულ ოცნებაში“ სჩვევიათ, პრობლემების გადასაფარად, პირად შეურაცხყოფაზე გადმოსვლა დაიწყეს, ფიზიკური დაპირისპირება სწორედ ამას მოჰყვა

როგორც „ქართულ ოცნებაში“ სჩვევიათ, პრობლემების გადასაფარად, პირად შეურაცხყოფაზე გადმოსვლა დაიწყეს, ფიზიკური დაპირისპირება სწორედ ამას მოჰყვა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა, რითაც აჭარის უმაღლეს საბჭოში სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მან რეგიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და მოქალაქეების სხდომაზე დაშვებისკენ მოუწოდა მმართველი გუნდის წევრებს.
„სხდომაზე აჭარის ბიუჯეტის ცვლილება იყო, კითხვა-პასუხის რეჟიმში ვიყავით, ფრაქციების გამოსვლა იყო.
ვსაუბრობდით ყველა იმ პრობლემაზე, რაც აქვს გაჭირვებულ მოსახლეობას, სოციალურად დაუცველებს. აღვნიშნეთ, რომ რეგიონში არსებულ პრობლემებზე უნდა იყოს დახარჯული ბიუჯეტი, მათ შორის, სკოლაში უფასო კვებაზე და ასე შემდეგ.
როგორც ყოველთვის, როდესაც პასუხი არ აქვთ პირად შეურაცხყოფებზე გადმოდიან. გარდა ამისა, მოქალაქეები მოვიდნენ, რომლებიც დარბაზში შემოსვლას ითხოვდნენ და კითხვების დასმას, მათ შორის “ქართული ოცნების” წევრებისთვის.
ესენი იყვნენ უსახლკარო ადამიანები, რომლებსაც რუსების შემოსვლის შემდეგ გაუძვირდათ ქირა, ვერ იხდიდნენ და ქუჩაში დარჩნენ, ასევე იყვნენ ჯანმრთელობის პრობლემების მქონდე ადამიანები, ასაკოვანი ადამიანები, ასევე არასრულწლოვანები, 30 კაცამდე იყო.
„ქართულმა ოცნებამ“ რეგლამენტი მოიყვანა, რომ არ ითვალისწინებდა რეგლამენტი მათ დარბაზში დაშვებას და კითხვების დასმას, შესაბამისად, არ შემოუშვეს. ამაზეც მოვთხოვეთ პასუხი, მოვთხოვეთ, რომ დარბაზში შემოეშვათ. ამას როდესაც ისმენდნენ გარედან მოქალაქეები ტაში და ოვაცია მოჰყვა.
ამ და სხვა პრობლემების გადასაფარად, როგორც სჩვევიათ, პირად შეურაცხყოფაზე გადმოსვლა დაიწყეს, ფიზიკური დაპირისპირება სწორედ ამას მოჰყვა“,- აღნიშნა ელგუჯა ბაგრატიონმა.