ეკონომისტი განმარტავს, შესაძლებელია თუ არა მარკეტების სიმრავლე სურსათს აძვირებდეს

“ქართული ოცების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი  უკვე მეორედ ირწმუნება, რომ სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის მიზეზი მარკეტების გაზრდილი რაოდენობაა.

ასეა ეს? – ნეტგაზეთი ესაუბრა ეკონომისტ აკაკი ცომაიას.

  • ბატონო აკაკი, დავიწყოთ ბოლო განცხადებით, როცა კობახიძემ ფასების ზრდის მიზეზად მარკეტების რაოდენობის ზრდა დაასახელა. ის ამბობს, რომ ამგვარი ურთიერთკავშირი “ბუნებრივია” და “ლოგიკური”. თქვენ, როგორც ეკონომისტი, რას ფიქრობთ?

ის, რასაც ამბობს და როგორც ხსნის, ეწინააღმდეგება ყველანაირ ეკონომიკურ თეორიას და ეკონომიკურ კანონებს. პირიქით არის ეგ – თუ იზრდება კონკურენცია ქვეყანაში და ბევრი სუბიექტი შემოდის ბაზარზე, რათა, შესაბამისად, გარკვეული მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ პროცესში, ეს იწვევს ფასის კლებას. ამდენად, მარკეტების შემცირება კი არ არის აქ გამოსავალი, პირიქით – კონკურენციის გაზრდა. მარკეტების რაოდენობა ზრდის კონკურენციას, რაც ეკონომიკურ ენაზე ნიშნავს, რომ  მიწოდება იზრდება და ეს პირიქით, იწვევს ფასის შემცირებას და არა ფასის გაზრდას.

მე არ ვიცი, კობახიძის ეკონომიკური მრჩეველი ვინ არის და რა მოტივები ამოძრავებს, ეს მიზეზები დაასახელოს, მაგრამ მისი მსჯელობა წინააღმდეგობაში მოდის მთლიანად იმასთან, რასაც ეკონომიკა და ეკონომიკური კანონები ამბობს.

  • შეგვიძლია თუ არა კობახიძის ეს განცხადება ერთგვარ ანონსად მივიჩნიოთ და ვივარაუდოთ, რომ კომისია მარკეტების რაოდენობის შემცირებას გადაწყვეტს? თუ ასე მოხდა, რას გამოიწვევს ეს?

თუ მარკეტების რაოდენობა შემცირდება, მაშინ უფრო მეტ ადამიანს მოუწევს შედარებით მცირე რაოდენობის მარკეტებში სიარული. ეს წარმოქმნის ყოველდღიურ დიდ რიგებს, გაურკვევლობებს, უხარისხო მომსახურებას, შეცდომებს, უფრო მეტად გადატვირთავს სამუშაო პერსონალს. მაღალი რიგებისა და დატვირთვის მოხსნის გზა ყოველთვის არის ფასის კიდევ უფრო მეტად გაზრდა. სავარაუდოდ, მომავალში უნდა ველოდოთ , რომ ფასები უფრო გაიზრდება.

თუმცა, შესაძლებელია, ამბიცია აქვთ, რომ რაღაც შედეგი უნდა ანახონ საზოგადოებას მოკლევადიან პერიოდში. ასე ხომ არ დაასრულებენ მოკვლევას? ბოლოს და ბოლოს სუს-ი არის ჩართული ამ პროცესში და კიდევ საპარლამენტო კომისია უნდა შექმნან ამასთან დაკავშირებით. ამხელა მსხვერპლი და ხარჯი უნდა გაიღონ და რაღაც შედეგი ხომ უნდა დადონ?! 

მაგრამ რაც არ უნდა ვიხილოთ, აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ გრძელვადიან პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი შედეგი ექნება. გავა დრო და მივიღებთ უფრო უარეს სურათს, ვიდრე გვაქვს ახლა.

  • კობახიძემ დაასახელა კონკრეტული რიცხვები – ამბობს, რომ სურსათზე 86%-იანი ფასნამატია. თუმცა მოსახლეობისთვის მაღალი ფასების პრობლემა მხოლოდ ქსელურ მარკეტებში არ არის. რეალურად, საიდან მოვიდა ეს მონაცემები?

არც მე, არც ეკონომიკური პროფილის მიმართულების მკვლევრებს არ დაუდგენიათ ეს ფასნამატი. უბრალოდ კობახიძემ თქვა, რომ 86%-იანია ფასნამატი და უნდა მივიღოთ, როგორც მოცემულობა, ის, რაც კობახიძემ თქვა.

რამ შეიძლება გამოიწვიოს 86%-იანი ფასნამატი? ჩვენ ვსაუბრობთ სასურსათო პროდუქციაზე. ეს არის კონკურენტული დარგი. კონკურენტული დარგი ნიშნავს იმას, რომ ამ სექტორში, ყველა ქვეყანაში, და ალბათ საქართველოშიც, არის დიდი კონკურენცია. დიდი კონკურენცია არის იმიტომ, რომ ამ დარგში საქმიანობას არ სჭირდება ძალიან დიდი კაპიტალის ან სპეციფიკური ადამიანური რესურსების მოზიდვა. ამიტომაც, ყველა ქვეყანაში ასეთი დარგი ითვლება კონკურენტულ დარგად..

თუ ვიღაც [პროდუქტს] ყიდის 86%-იანი ფასნამატით, სხვა გაყიდის 60%-იანი ფასნამატით, მერე კიდევ შემოვა ახალი მონაწილე და ის გაყიდის 30%-იანი ფასნამატით და ეს პროცესი წავა ქვევით იქამდე, ვიდრე მოვაჭრეს უღირს მოგების ის მარჟა, რომელსაც ბაზარი ადგენს თვითრეგულირების გზით.

თუ ბაზარზე არის დაბალი კონკურენცია, მაშინ შეიძლება იყოს მოგების შედარებით მაღალი მარჟა. დაბალ კონკურენციას შესაძლოა ქმნიდეს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი გარემოება. ეს არის ბაზარზე შესვლის ბარიერი. ანუ ბიზნესოპერატორები, ადამიანები, რომელთაც სურთ ამ ბაზარზე შემოსვლა, აწყდებიან გარკვეულ პრობლემებს. მაგალითად, საბაჟოზე უპატიმრებენ ტვირთს, არ აძლევენ განბაჟების შესაძლებლობას, აწვალებენ და ა.შ. ეს ხდება მხოლოდ მაშინ, თუ ქვეყანაში გვაქვს სისტემური კორუფცია. ანუ ბიზნესი ისე არის დალაგებული მთავრობასთან, რომ ყველანაირ შესაძლებლობას იყენებენ, რათა სხვა მსურველები მოაშორონ ამ ბაზრიდან. ამას ეწოდება სისტემური კორუფცია და თუ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მაშინ საჭიროა ბრძოლა სისტემურ კორუფციასთან.

  • ამ პირობებში, რა შეიძლება გადაწყვიტოს სამთავრობო კომისიამ? რა მექანიზმები არსებობს, რომელთა გამოყენებითაც შესაძლოა შეეცადონ ფასების შემცირებას?

თუ დავუშვებთ, რომ რეალურად სისტემურ კორუფციასთან შეიძლება გვქონდეს საქმე, მაშინ მთავრობას უბრალოდ შეუძლია დაემუქროს მსხვილ მოთამაშეებს და უთხრას, რომ თქვენ ძალიან დიდ მოგებას იღებთ და ეს მოგების მარჟა ახლა უნდა შეამციროთ. გამომდინარე იქიდან, თუ რა ტიპის ქვეყანაში ვცხოვრობთ, ამასაც ვერ გამოვრიცხავ.

თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა. იმიტომ, რომ ასეთი რამ რომ ხდებოდეს, არ დაიმალება. საქართველო პატარა ქვეყანაა და ასეთ დიდმასშტაბიან [კორუფციასთან] თუ გვაქვს საქმე, რომ ვიღაცებს საბაჟოზე ტვირთს უპატიმრებენ, ვიღაცებმა სცადეს და ვერ შემოიტანეს, ვთქვათ, ბრინჯი და ვერ გაყიდეს უფრო იაფად და ა.შ. აუცილებლად გამოჩნდებოდა ვიღაც, ვინც ამაზე ლაპარაკს დაიწყებდა. ჭორის დონეზე მაინც გვეცოდინებოდა. ამდენად, მე ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ ამხელა ფასნამატებია. 

კითხვას რომ დავუბრუნდე, რა მექანიზმითაც არ უნდა მოახერხონ ფასების შემცირება, ეს ისევ და ისევ მომხმარებელს დააზარალებს. პროდუქტზე ფასი ხომ არ არის ერთგვაროვანი? სხვადასხვა ბრენდირებული პროდუქტები გვაქვს. ისევ ბრინჯის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული, სხვადასხვა არხიდან შემოტანილი ბრინჯი შეიძლება ღირდეს სხვადასხვა ფასი. ზოგი ხარისხიანია და უფრო ძვირი ღირს, ზოგი ნაკლებად ხარისხიანია და უფრო იაფი ღირს და ა.შ. შესაძლებელია მოითხოვონ, რომ მაინცდამაინც, აი, ამ პროდუქტზე მოხდეს ფასების შემცირება, რომლებიც ძვირია. თვითონ იამაყებენ, რომ ფასები შეამცირეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ დავდგებით იმ რისკის წინაშე, რომ ასეთი პროდუქტი მომავალში ალბათ გაქრება დახლიდან და თუ იქამდე ადამიანს ჰქონდა არჩევანი, რომ გადაეხადა შესაბამისი ფასი და ეყიდა შედარებით უფრო ხარისხიანი პროდუქტი, ამის შესაძლებლობა უბრალოდ აღარ ექნება. გარდა ამისა, რეალურად, მომხმარებლის კეთილდღეობა ასეთი კომისიური დასკვნებით ნამდვილად არ შეიცვლება.

  • ანუ, რომ შევაჯამოთ თქვენი პოზიცია: თუ ფასები მართლაც შემცირდა, შემცირდება ძვირადღირებულ პროდუქტზე და ისინი თანდათან გაქრება დახლებიდან. იაფფასიანი პროდუქტის ფასის შემცირება კი მსგავსი რეგულაციებით ნაკლებად სავარაუდოა. გარდა ამისა, ნებისმიერ მსგავს ჩარევას მოკლევადიანი ეფექტი ექნება.

დიახ და ჩვენ გვაქვს ამის ცოცხალი მაგალითი. გახსოვთ, რეფერირებული მედიკამენტების სია რომ შემოიღეს?! დაადგინეს ფასების ზედა ზღვარი – გარკვეული ტიპის მედიკამენტებზე ფასნამატი უნდა ყოფილიყო მაქსიმუმ რაღაც პროცენტი. ეს იყო ღარიბაშვილის პრემიერობის დროს. რა შედეგი მივიღეთ? – ეს მედიკამენტები საერთოდ გაქრა ბაზრიდან. ეს მედიკამენტები აღარ იშოვება საქართველოში. შემოვიდა მათი შემცვლელები, რომელიც შედარებით უფრო იაფია.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ