ეკონომიკურ სიძლიერეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის პოლიტიკური პოზიციების გამყარებისთვისაც, განსაკუთრებულად კონცენტრირებული ვართ ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებაზე, პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაზე
ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის პოლიტიკური პოზიციების გამყარებისთვისაც, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობა განსაკუთრებით კონცენტრირებულია ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებაზე.
“აქედან გამომდინარე ვართ განსაკუთრებულად კონცენტრირებული ახლა ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებაზე, პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაზე და ამას ემსახურება ყველა ის, მათ შორის, საგარეო ვიზიტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. გვაქვს შიდა ინიციატივები, რაც იყო ჩვენი საარჩევნო პროგრამის ნაწილი, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ეკონომიკური ზრდის ტემპი, მაგრამ ამისათვის არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, ბუნებრივია, საერთაშორისო კავშირების გამყარება და განვითარება. ამისათვის გვქონდა ჩვენ ძალიან საინტერესო ვიზიტები ჩვენს მეზობელ ქვეყნებში . ამ პერიოდის განმავლობაში მე პირადად მქონდა სამივე მეზობელ ქვეყანაში, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, საინტერესო ვიზიტები, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასევე ეკონომიკურ საკითხებს.
ამას დაერთო ვიზიტები შუა აზიის ქვეყნებში, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი. ჩვენთვის აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა შუა დერეფნის ფარგლებში ჩვენი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას და გვქონდა ძალიან საინტერესო განხილვები ამ თემებთან დაკავშირებით, მათ შორის იმაზე, თუ როგორ უნდა გაიზარდოს სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის, როგორ შეიძლება, რომ უფრო აქტიურად გამოიყენონ ცენტრალური აზიის ქვეყნებმა, მეზობელმა ქვეყნებმა ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი და ა.შ. ჩვენ გვექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგები. ყოველ ჯერზე, ყველა ქვეყანაში ჩვენ გვქონდა, მათ შორის, მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში საუბარი ძალიან კონკრეტულ დეტალებზე, რაც უკავშირდება ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და გაღრმავებას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩვენი ვიზიტი და მათ შორის, ის შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა Emaar-ის ინვესტიციასთან დაკავშირებით, შეგახსენებთ, ეს არის 6- მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია, რაც მისცემს უდიდეს სტიმულს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. წლის ბოლომდე უკვე საბოლოო სახე მიეცემა პროექტს, რომელიც უნდა განხორციელდეს თბილისში და ასევე ბათუმის მიმდებარედ და დაიწყება მომავალი წლის დასაწყისიდან ამ პროექტების განხორციელება.
საუბარია გრანდიოზულ პროექტებზე ჯამური 6-მილიარდიანი მოცულობით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანია თავის სფეროში, რომელსაც ყველა დაწყებული პროექტი აქვს ბოლომდე ძალიან წარმატებით მიყვანილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, თუ როდის დაიწყება ეს პროექტი. მომავალი წლის დასაწყისში პროექტის განხორციელება ძალიან აქტიურად დაიწყება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
