ეკონომიკურ დანაშაულზე მსჯავრდებული პირი ქვეყანას ციხის მოხდის შემდეგაც ვერ დატოვებს – ინიციატივა

სისხლის სამართლის კოდექსში შედის ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ფინანსური დანაშაულისთვის მსჯავრდადებულს, სასჯელის მოხდის მიუხედავად, ზარალის ანაზღაურებამდე ქვეყნის დატოვება აეკრძალება.
ასევე, მარტივდება ქონების ამოღება არა მარტო მსჯავრდადებულის, არამედ მისი ოჯახის წევრებისა და “დაკავშირებული პირებისგან”.
ინიციატივის არსი ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ გააცნო.
„ჯერ განვმარტოთ იმ ინიციატივის არსი, რომელიც ახლა დარეგისტრირდა იურიდიული კომიტეტის წევრების მიერ. ეს ინიციატივა ეხება ეკონომიკური, ფინანსური დანაშაულების ჩამდენ პირებს. არის გაწერილი კონკრეტული ეკონომიკური, ფინანსური დანაშაულები, რომელთა ჩადენის შემთხვევაში, დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, მარტივდება მსჯავრდადებულის და მისი ოჯახის წევრების, ასევე დაკავშირებული პირებისგან ქონების, მატერიალური რესურსების ამოღება. ანუ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ჩაიდენს ეკონომიკურ, ფინანსურ დანაშაულს და კონკრეტულ მეორე ადამიანს ზიანს მიაყენებს, მარტივდება დამნაშავისგან, მისი ოჯახის წევრებისგან, ასევე დაკავშირებული პირებისგან ქონების, თანხის ამოღება“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, თუ ეს სხვადასხვა ხანგრძლივ პროცედურას მოითხოვდა, მათ შორის, სამოქალაქო დავას, რომელიც წლები გრძელდებოდა, „ახლა იქნება გამარტივებული“.
გარდა ამისა, მდინარაძის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში, შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც, პროკურორი მიმართავს სასამართლოს და სასამართლოს შეუძლია, გარკვეული ვადით შეუზღუდოს პირს ქვეყნის დატოვება სასჯელის მოხდის მერე.
„განსაზღვრული იქნება კონკრეტული ვადებიც. ეს ვადები განისაზღვრება ორმაგი ვადით, ვიდრე არის დანაშაულის ხანდაზმულობის ვადები. ნაკლებად მძიმეზე — 6 წელი, რადგან ხანდაზმულობის ვადა 3 წელია. ანუ შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით, პირს 6 წლით, 12 წლით და 16 წლით აეკრძალება ქვეყნის დატოვება, ვიდრე არ აანაზღაურებს დაზარალებულის ზიანს. ვიდრე ზიანს არ აანაზღაურებს, ქვეყანას ვერ დატოვებს და ამის უზრუნველყოფის საშუალება იქნება სამაჯური. ჩვენ ამით პრევენციას ვახდენთ იმ მიდგომის, როდესაც დამნაშავე ამბობს, რომ დავჯდები ახლა 2 წელი, 3, 5, 7 წელი და ამ ერთ მილიონს, რომელიც მივაყენე დაზარალებულს, შევირჩენ, ან ჩემს მეგობარზე გავაფორმებ, ან დედაჩემზე, მამაჩემზე, ბიძაშვილზე და ა.შ. და ეს მაინც შემრჩება. ამ ცვლილებით ეს გამორიცხული იქნება“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კითხვაზე, საკანონმდებლო ცვლილების ინსპირაცია ხომ არ იყო გიორგი ბაჩიაშვილი და მისი საქმე, მდინარაძემ უპასუხა:
„მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დიახ, მათ შორის. ოღონდ, როდესაც ბაჩიაშვილი თუ სხვა ბრალდებულები საუბრობენ და არის მოლოდინი მათი მხრიდან, რომ ჩავიდენ დანაშაულს, რამდენიმეწლიანი ციხის მოხდის შემდეგ შემრჩება ძალიან დიდი ფული. ერთ-ერთი ინსპირატორი ამ თემისა შეიძლება ბაჩიაშვილიც იყოს, მაგრამ სხვა უამრავიც მათ შორის. საერთოდ კანონები ასე იცვლება — როცა ხედავს კანონმდებელი გამოწვევას კონკრეტულ ქეისებზე დაყრდნობით“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ თქვა, რომ პატიმრობაში ყოფნა არ დააზღვევს ადამიანს ქვეყნის დატოვების შეზღუდვისგან, რადგან დანაშაულის ხანდაზმულობის გაორმაგებული — 6, 12 ან 16-წლიანი ვადის ათვლა სასჯელის მოხდის შემდგე დაიწყება.
„მშენებლობის თემაში უამრავი ეკონომიკური დანაშაული გვახსოვს, რომ გადაყრიდნენ ხოლმე ათასობით მოქალაქეს, შემდეგ მოიხდიდნენ რამდენიმეწლიან სასჯელს და მითვისებული თანხა რჩებოდათ. მე მგონი, საუკეთესო ინიციატივაა. სასჯელის მოხდის შემდგომ იწყება ამ ვადების ათვლა“, — დასძინა მამუკა მდინარაძემ.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილს როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო წესით ედავებოდა. ამ საქმეზე ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი და ივანიშვილისთვის 9 000 ბიტკოინის ღირებულების თანხის გადახდა აკისრია. გადაწყვეტილების მიღებისას ეს თანხა დაახლოებით 850 მილიონ დოლარს შეადგენდა.