ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში არსებული ტენდენციები და 2024 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს

ეკონომიკური საბჭოს სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საბჭოს წევრებმა ეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში არსებული დადებითი ტენდენციები განიხილეს. იმსჯელეს 2024 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. განიხილეს მრავალშვილიანი, უსახლკარო ოჯახებისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი.
პრემიერის თქმით, ათასამდე ასეთ ოჯახს მთავრობა ბინებს შეუძენს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრისგან კონკრეტული გეგმა მოისმინა. ითქვა, რომ პროგრამა მომავალი წლიდან დაიწყება და ჯამურად დაახლოებით ორმოცდაათი მილიონი ლარი დაიხარჯება.

სხდომაზე განიხილეს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ახალი პროგრამები ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით, მათ შორის მიკროსესხების პროგრამა, რომელიც ხელს მიკრო- და მცირე მეწარმეთა ფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდას შეუწყობს.
მთავრობის მეთაურმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მოისმინა სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესრულების ანგარიში. აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით პრივატიზებულია 180 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონება, საიდანაც ცენტრალურ ბიუჯეტში უკვე გადარიცხულია 121 445 138 ლარი

განიხილეს კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობის საკითხებიც ასევე, სხდომაზე მთავრობის მეთაურმა მოისმინა სივრცითი განვითარების გეგმის შემუშავების შესახებ შუალედური ინფორმაცია. აღინიშნა, რომ საქართველოს სივრცითი განვითარების გეგმის შესამუშავებლად მიმდინარეობს საერთაშორისო საკონსულტაციო კონსორციუმის შერჩევა. ინტერესთა გამოხატვის ეტაპზე შევიდა 19 განაცხადი, საიდანაც 5 საუკეთესო შეირჩა, ხოლო გამარჯვებული 2023 წლის ბოლომდე გამოვლინდება.

საბჭოს წევრებმა იმსჯელეს სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების საკითხზე. აღინიშნა, რომ 2022 წლის დეკემბერში მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო საწარმოთა ყოვლისმომცველი რეფორმის 2023-2026 წლების სტრატეგია. მიმდინარეობს მუშაობა კანონზე, რომლის პირველადი ვერსია შემუშავებულია და დაინტერესებულ მხარეებთან განხილვები მიმდინარეობს.

სხდომაზე განიხილეს სიმძლავრის აუქციონების შედეგები და ახალი აუქციონის გამოცხადების პროცესი.
მხარდაჭერის სქემის ფარგლებში უკვე განხორციელდა პირველი აუქციონი, რომელიც 300 მეგავატ დადგმულ სიმძლავრეზე გამოცხადდა. იგეგმება სიმძლავრის აუქციონის მეორე ფაზის გამოცხადება, სავარაუდოდ, 600 მეგავატ სიმძლავრეზე, რომლის ფარგლებშიც განაცხადების მიღება ჰიდროელექტროსადგურებზე, ქარისა და მზის ელექტროსადგურებზე მოხდება .