საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.4%-მდე გაზარდა. მანამდე გაკეთებული პროგნოზით ზრდის მაჩვენებელი 6.7%-ი იყო. ეროვნული ბანკი მიუთითებს, რომ იანვარ-მაისის განმავლობაში დაფიქსირებული 8.8%-იანი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით წელს ქვეყანაში იმაზე მაღალი ზრდა არის მოსალოდნელი ვიდრე ამას თავდაპირველად ვარაუდობდნენ.
,,კვლავ ძლიერი ნარჩუნდება ეკონომიკური აქტივობა. წინასწარი მონაცემებით, პირველი ხუთი თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 8.8 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მეტწილად ეკონომიკის გაუმჯობესებული საწარმოო პოტენციალით არის განპირობებული, რაც ჭარბი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს ანეიტრალებს. ფუნდამენტური ფაქტორების შედარებით ნელი ნორმალიზებისა და პირველ ხუთ თვეში ძლიერი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სებ-ის ცენტრალური სცენარით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წელს 6.7 პროცენტიდან 7.4 პროცენტამდე გადაიხედა.” – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.