ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შესანარჩუნებლად, მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა მთავარი ამოცანაა – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ისტორიულად მაკროეკონომიკური სტაბილურობის მთავარი გამოწვევა მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი იყო.
„ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, თუ პანდემიის პერიოდს, 2020-2021 წლებს მხედველობაში არ მივიღებთ, ფაქტობრივად, ყოველწლიურად გვაქვს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კლება. 2022 წლისათვის, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი რეკორდულად დაბალ 4.6%-იან ნიშნულზე დაფიქსირდა. ჩვენი მოლოდინით, 2023 წელსაც დეფიციტს მსგავს დონეზე შევინარჩუნებთ. 2022 წლისათვის დაიწყო მთლიანი ინვესტიციების მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებლის ზრდა და ასევე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2022 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 2.1 მილიარდ დოლარს მიაღწია. ისტორიულად მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება 2023 წელსაც, წლის პირველ ნახევარში FDI-ის შემოდინებამ მილიარდ 72 მილიონი შეადგინა, რითაც 10,9 პროცენტით გადააჭარბა შარშანდელ მაჩვენებელს”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.