„ეკონომიკური ზრდა ცხოვრების დონეზე რომ აისახოს, სტაბილური ორნიშნა ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს“ – ირაკლი მაკალათია

აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 11,8% შეადგინა., ხოლო საშუალოდ 4 თვეში საქართველოს 9%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, რაც მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებელი იყო, თუმცა როგორც შიდა, ასევე გარე პროგნოზები აჩვენებს, რომ შემდეგ თვეებში ეკონომიკური ზრდის ეს მაჩვენებელი შენელდება და ვარაუდობენ რომ ეს მაჩვენებელი 5-6%-ის ფარგლებში იქნება. თუ რამ განაპირობა ეს მაჩვენებელი თემაზე, რადიო „კომერსანტის“გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ ისაუბრა. მისი თქმით ეკონომიკური მაჩვენებლის თვალსაზრისით საქართველო წელი დადებითი მაჩვენებლებით დაიწყო და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აჩვენა და ინფლაციის მაჩვენებელი თითქმის 0%-ზე იყო.
„პოლიტიკურმა მოვლენებმა ბევრი რამ შეცვალა, განსაკუთრებით ვალუტის კურსთან დაკავშირებით, შემდეგ ეს გადაიზრდება სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში, რასაც მომდევნო პერიოდზე დაკვირვების შედეგად ვნახავთ, რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ხშირად არის კითხვები იმის გარშემო, რომ თუ ამხელა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რატომ არ აისახება ეს მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, აქ უნდა განვმარტოთ ის ფაქტი, რომ ეკონომიკური ზრდა კი არ აისახება ადამიანის ცხოვრების დონეზე, ადამიანის ცხოვრების დონე გამოისახება ეკონომიკურ ზრდაში.
ის, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა გაიზარდა და ის უნდა გადანაწილდეს მოსახლეობაზე, ეს ასე არ არის, ჩვენ მოსახლეობა როდესაც ვიზრდებით, ეკონომიკა როდესაც მდიდრდება შემდეგ ეს სტატისტიკის დათვლის შედეგად აისახება მაღალ ეკონომიკურ ზრდაში.
თუ რატომ არ აისახება ეკონომიკური ზრდა ჩვენ ცხოვრების დონეზე, ამის პასუხი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს მცირე ეკონომიკა, სულ რამდენიმე სუბიექტია ძირითადი მოთამაშე, ასევე მთავარი მაინც საბანკო საფინანსო სექტორია, შემდეგ სექტორებში ცალკეული მიმართულებებია წამყვანი და მნიშვნელოვანი კომპანიები იზრდებიან და ეს იწვევს ეკონომიკურ ზრდას“ – აღნიშნა ირაკლი მაკალათიამ.
მაკალათიას განმარტებით, იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა ადამიანების ცხოვრების დონეზე აისახოს ამისათვის საჭიროა, რომ გვქონდეს სტაბილური ორნიშნა ეკონომიკური ზრდა სტაბილურ პერიოდში.
„ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა იზრდება და ჩვენი გამდიდრება აისახება რიცხვებში და საქსტატი რასაც დაითვლის ის იქნება რეალური ეკონომიკური ზრდა და ხელშესახები მონაცემი. პერიოდულად ასეთი ეკონომიკური ზრდა არაფერს არ ნიშნავს, ნიშნავს იმას, რომ ცალკეულ დარგებში რომლებიც არიან უკვე განვითარებული დარგები იმათმა უფრო მაღალი ზრდა დააფიქსირეს ვიდრე წინა პერიოდში.“ – აღნიშნა ირაკლი მაკალათიამ.
ირაკლი მაკალათია განმარტავს, რომ ყველა განვითარებად ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პროცენტულად ასწრებს ყველა განვითარებული ქვეყნის ზრდის მაჩვენებელს, მისივე თქმით აფრიკის ქვეყნებს მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვთ, თუმცა მათი შედარება ევროპის ქვეყნების ეკონომიკურ ზრდასთან არასერიოზული იქნება.
„მცირე ცვლილებებიც კი იწვევს ეკონომიკის სწრაფ ზრდას, თუმცა ეს პროცენტებშია გამოსახული და არა მთლიან დოვლათში და მთლიან დოვლათში და ერთ მოსახლეზე მშპ-ის განაწილებით რომ შევხედოთ რეიტინგებს განვითარებულ ქვეყნებს ჩამოვრჩებით“ – აღნიშნა ირაკლი მაკალათიამ.