ეკონომიკური და სამეწარმეო დანაშაულის მაჩვენებელი გაიზარდა, მათ შორის ცრუ მეწარმეობა 400%-ით

2023 წელს ეკონომიკური და სამეწარმეო დანაშაულის მაჩვენებელი გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მთლიანად დანაშაულის მაჩვენებელი 2023 წელს 2022 წელთან შედარებით, 15.52 %-ით არის გაზრდილი.
საანგარიშო პერიოდში, სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ 670 დანაშაული იქნა დარეგისტრირებული, აქედან გახსნილი კი 437-ია, ანუ გახსნის მაჩვენებელია 65.22%.
სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტად – 400%-ით გაიზარდა ცრუ მეწარმეობა. მეორე ადგილზეა ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა, აქ ზრდა 300%-ია, სამეულშია სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევა, ამ შემთხვევაში დანაშაულმა 200%-ით მოიმატა.
დანაშაულის სხვა შემთხვევები
· უკანონო სამეწარმეო საქმიანობა – 52,27%-ით გაიზარდა
· უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) – 17,71%-ით გაიზარდა
· სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება – 20%-ით გაიზარდა
· ფალსიფიკაცია – 36,84%-ით შემცირდა
· ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება – 200%-ით გაიზარდა
· მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა – 5,31%-ით გაიზარდა
· აქციზური მარკების მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და მათი სხვა პირისათვის გადაცემა – 100%-ით გაიზარდა
· ინსაიდერული ინფორმაციის, კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება, გადაცემა, გახმაურება ან გამოყენება – 66,67%-ით შემცირდა
· ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით – 40%-ით გაიზარდა
· ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი ან/და რეექსპორტი – 100%-ით შემცირდა