დღეს, 9 დეკემბერს, ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა მოადგილეებთან და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად კერძო სექტორს შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი წარუდგინა.
ქვრივიშვილმა თქვა, რომ ფართო სურათში საქართველოს ყველა რეგიონისთვის გვექნება ცალკეული პროექტი, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლები – სახურავების, ფასადების მასალები და ფერები და ა.შ. რომლებიც შესაბამისობაში იქნება მათ ისტორიასთან, განაშენიანებასა და სწორ დაგეგმარებასთან.
მისივე თქმით, ახალი რეგულაციების თანახმად, ფაქტობრივად, ორი სახის სანებართვო პრაქტიკა დაინერგება – ე.წ. სტანდარტული პრაქტიკა და მეორე – არასტანდარტული სამშენებლო ნებართვები, რაც გულისხმობს მათ შორის, განსხვავებულ ფასადებს, ფერებს და ა.შ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძის თქმით, „მუნიციპალიტეტებისთვის ეს იქნება საბაზისო დოკუმენტი, რომელთაც თითოეული მათგანი გადაწყვეტილების მიღების დროს იხელმძღვანელებს“.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით ესთეტიკური პარამეტრების სავალდებულო სარეგულაციო წესები დაინერგება, რომლითაც შენობების ფასადების, სახურავების, ღობეების მასალები და ფერები განისაზღვრება“. – ამბობს ენუქიძე.
მისივე განცხადებით, ახალი რეგულაცია მისი ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში ბიზნესისთვის ნებაყოფლობითი იქნება, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი სავალდებულო გახდება. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოში მოპოვებულ ან წარმოებულ სამშენებლო თუ სხვა სახის მასალებს უპირატესობა მიენიჭება.




