ეკონომიკის სამინისტრო საქართველოს შრომითი ბაზრის შესწავლას გეგმავს – ამის შესახებ ირკვევა უწყების მიერ გამოცხადებული გამარტივებული შესყიდვიდან.
კერძოდ, სამინისტროს განმარტებით შრომით ბაზარზე კვალიფიციური კადრების საკითხი კვლავაც პრობლემურია. სწორედ ამიტომ, შესყიდვის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოებში იმის გამოკვლევა, თუ რა ცოდნისა და გამოცდილების ადამიანური კაპიტალი სჭირდება ბიზნესს.
„ადამიანისეული კაპიტალის განვითარება წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, რადგან პირდაპირ კავშირშია უმუშევრობის დონის შემცირებასთან და დასაქმების ხელშეწყობასთან. უმუშევრობის შემცირება და დასაქმების ზრდა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
საქართველოში შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული შეუსაბამობა ასევე ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დაბალია მოთხოვნის კომპონენტი, უმთავრეს პრობლემას კვლავ შრომის ბაზარზე სასურველი უნარების მქონე კვალიფიციური კადრის მოძიება წარმოადგენს. აღნიშნული ნეგატიურად აისახება ბიზნესის განვითარებასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე.
იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რა ცოდნისა და უნარების საჭიროებაა შრომის ბაზარზე საბაზრო ეკონომიკის პირობებში, აუცილებელია გამოვლენილ იქნას კერძო სექტორის მოთხოვნები ადამიანისეული კაპიტალის საჭიროებებისა და განვითარების კუთხით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანისეული კაპიტალის საჭიროებების შესასწავლად, დღის წესრიგში დგება მომსახურების სექტორში უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის სიღრმისეული რაოდენობრივი კვლევის ჩატარება“, – აღნიშნულია შესყიდვაში.
გამარტივებული შესყიდვის ღირებულება 374 809 ლარს შეადგენს, ვადები კი 2025 წლის 21 ივლისიდან 21 ნოემბრის პერიოდს მოიცავს. ამჟამად შესყიდვის განხილვა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონი 2025 წლის ივნისის ბოლოს დაამტკიცა. კანონით გათვალისწინებული ცვლილებების ნაწილი ეხება შრომით ბაზარსაც. მაგალითად, უცხოელთა დასაქმებისთვის ნებათა იქნება საჭირო. ამასთანავე უცხოელ სამუშაო ძალას მუშაობის უფლება მხოლოდ იმ პირობებში შეეძლება, როდესაც კონკრეტულად სამუშაო ადგილზე ადგილობრივი კვალიფიციური კადრი არ იქნება ხელმისაწვდომი.
