“როდესაც ეკონომიკა $14 მილიარდიდან $30 მილიარდამდე იზრდება, შეუძლებელია, ამ ზრდით ერთმა ან ასმა ადამიანმა ისარგებლოს; ბუნებრივია, ეს მოსახლეობაზე, ბიზნესზე ნაწილდება,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ელემენტარული ეკონომიკური ცოდნის ამბავია და დამატებითი ჩაღრმავება ამას არ სჭირდება.
„რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მუშაობს ეკონომიკური ზრდა ხალხზე და არა მხოლოდ ვიწრო წრეზე ან ერთ ადამიანზე,სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს.
ნებისმიერ საშუალო კვალიფიკაციის ეკონომისტს რომ კითხოთ, გეტყვით რომ როდესაც ეკონომიკა $14 მილიარდიდან $30 მილიარდამდე იზრდება, შეუძლებელია, ამ ზრდით ერთმა ან ასმა ადამიანმა ისარგებლოს; ბუნებრივია, ეს მოსახლეობაზე, ბიზნესზე ნაწილდება – ეს ელემენტარული ეკონომიკური ცოდნის ამბავია. ამას დამატებითი ჩაღრმავება არც სჭირდება“, – განაცხადა მან.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მსოფლიო ბანკის შეფასებით მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზრდება. შესაბამისად, ეს 2023 წელს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, 6.5%-ზე (მსოფლიო ბანკი) 1.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
ზრდის მოსალოდნელი შენელება რამდენიმე ფაქტორს, მათ შორის მიგრაციული ეკონომიკური ბუსტის შემცირებას უკავშირდება. საგულისხმოა რომ 2021-2022 წლებში საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა – 10.5% და 10.4%, 2023 წელს კი ზრდის ტემპი 6.5%-მდე შემცირდა, რაც მათ შორის მაღალი საბაზო ეფექტით იყო განპირობებული.
რეგიონის ქვეყნებისთვის მსოფლიო ბანკის პროგნოზი 2024 წლის ზრდასთან დაკავშირებით ასე ნაწილდება:
საქართველო – 4.8%-იანი ზრდა;
სომხეთი – 4.7%-იანი ზრდა;
აზერბაიჯანი – 2.4%-იანი ზრდა;
თურქეთი – 3.1%-იანი ზრდა;
უკრაინა – 3.2%-იანი ზრდა;
რუსეთის ფედერაცია – 1.3%-იანი ზრდა.
საგულისხმოა, რომ საქართველოს მთავრობა 2024 წელს ქვეყანაში 5.2%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, შესაბამისად, მიმდინარე წლის ბიუჯეტიც ამ მაჩვენებელზე არის დაგეგმილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის პროგნოზი მსოფლიო ბანკის მოლოდინზე უფრო ოპტიმისტურია.