ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებაში GITEX EUROPE-ში მონაწილეობდა – GITA
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებაში GITEX EUROPE-ში მონაწილეობდა, რომელიც გერმანიაში, ბერლინში იმართებოდა – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„GITEX EUROPE-ზე წარმოდგენილები არიან მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები, სტარტაპები, ინვესტორები და სამთავრობო ორგანიზაციები, რაც ქართულ მხარეს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დაამყაროს ახალი პარტნიორული ურთიერთობები, მოიზიდოს ინვესტიციები და საერთაშორისო მასტაბით წარადგინოს საქართველო, როგორც სტარტაპ მეგობრული გარემო.
GITA – ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში რეგიონის სწრაფად მზარდი ეკოსისტემების ლიდერებთან ერთად, სადაც კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნების პერსპექტივებზე, მიმდინარე პროგრესსა და რეგიონის ერთობლივ პოტენციალზე გაკეთდა აქცენტი. ავთანდილ კასრაძემ დამსწრე საზოგადოებას ქართული სტარტაპ ეკოსისტემა და ქვეყანაში არსებული სტარტაპების მხარდამჭერი პროგრამები გააცნო, ისაუბრა საქართველოს როლსა და უპირატესობაზე რეგიონულ ეკოსისტემაში. პანელური დისკუსიის ფარგლებში,GITA – ს თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მთავარ პრიორიტეტულ ტექნოლოგიურ მიმართულებებზე – ხელოვნური ინტელექტი, ბაქტერიოფაგები, აგროტექნოლოგიები – და ამ მიმართულებებით დაგეგმილ პროგრამებსა და პროექტებზე.
ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ შეხვედრა გამართეს GITEX-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ თრიქსი ლომირმანდთან. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებაზე ქართული სტარტაპ ეკოსისტემის კიდევ უფრო მასშტაბურად და საინტერესოდ წარმოჩენის მიზნით.
საქართველოს დელეგაციამ აგრეთვე შეხვედრა გამართა გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის ინოვაციების ლაბორატორიის Lab UNIDO – ს ხელმძღვანელთან ადნან სერიკთან საქართველოში მათი პროგრამის პოტენციურ განვითარებაზე, დანერგვასა და სამომავლო თანამშრომლობაზე.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ნადარეიშვილი და ავთანდილ კასრაძე ასევე შეხვდნენ სერბეთის მეცნიერების, ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების მინისტრის მოადგილე ვლადიმირ რადოვანოვიჩს. შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, ქვეყნებს შორის ინოვაციების მიმართულებით გამოცდილებების გაზიარების კუთხით. რაც შეეხება შეხვედრას აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოადგილე ვუსალ ხალილოვთან, მასზე მხარეებმა საბანკო და ფინტეკ მიმართულების რეგულაციებსა და ამ კუთხით ინფორმაციის გაცვლაზე ისაუბრეს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
