საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის (GRDC) აღმასრულებელი დირექტორის და ასევე, სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალის“ დირექტორ ლევან ყარალაშვილის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკაში, სამწუხაროდ, კარგი არაფერი ხდება.
„ეკონომიკაში სიღრმისეული რყევებია მოსალოდნელი, რასაც ვერ ავცდებით“ – თქვა ბიზნესმენმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში, სადაც ასევე პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, იანვარში, ეკონომიკის 11%-იანი ზრდის ფაქტორებზეც ისაუბრა.
„ის მოვლენები, რომელიც მიმდინარეობს საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში, მეტყველებს იმაზე, რომ ბიზნესის მოლოდინები არ მართლდება და ის კურსი, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული, უფრო და უფრო შორდება ევროპულ და დასავლურ გზას.
მიუხედავად მოკლევადიანი ეფექტებისა, ჩვენ მალე ვიგრძნობთ უკუსვლას [ეკონომიკაში]. თქვენ ახსენეთ, 11%-იანი ეკონომიკური ზრდა იანვარში. მოგეხსენებათ, ეკონომიკის ზრდას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორისაა ექსპორტი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.
შარშან FDI-ის 30%-იანი კლება გვქონდა. საინტერესოა FDI-ის სტრუქტურაც – რამდენი იყო რეინვესტიცია და რამდენი – ახალი ფული; როდესაც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაში ახალი ფული ჯამური ინვესტიციის მხოლოდ მესამედია, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ინვესტიციები თითქმის გაჩერებულია. სექტორი, რომელიც FDI-ს სტატისტიკას ხელს უწყობს, საფინანსო სექტორია და მათ მიერ გენერირებული მოგებაა, რომელიც უკან ბრუნდება ინვესტიციის ან რეინვესტიციის სახით და შესაბამისად, თითქოს მონაცემები მეტ-ნაკლებად სტაბილურად ჩანს;
დღეს, რეალური ეკონომიკა დაღმავალ ფაზაშია, თუმცა ჯამურ სტატისტიკაში კომპენსირდება იმ ჩრდილოვანი ეფექტით, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომმა მოუტანა ქვეყანას. საქართველოსთვის რომ ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ავტომობილები იქნება, რაც 2.5 მილიარდი დოლარია, მგონი, კითხვის ნიშნები არ რჩება. მესმის, რომ თანხები შემოდის ქვეყანაში, გადასახადებს იხდის ბიზნესი, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ მთელ რიგ სექტორებს, რომელიც უკან-უკან მიდის – იქნება ეს საცალო ვაჭრობა, სტუმარმასპინძლობის სფერო, უძრავი ქონების დარგი და ა.შ. ყველაფერი სიღრმისეულ ანალიზს მოითხოვს“, – განაცხადა ბიზნესმენმა, რომლის აზრითაც, ამ სიტუაციაში, გამოსავალი „ყველაფრის გადატვირთვააა“.
„წერტილთან“ ინტერვიუში ლევან ყარალაშვილმა ბიზნესში არსებულ განწყობებსა და მოლოდინებზეც ისაუბრა და თქვა, რომ დღეს, ბიზნესში ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველიც არ არსებობს.
„ზოგადად, ბიზნესი ოპტიმისტური სფეროა – სულ რაღაც უნდა გააკეთო, შექმნა, განავითარო, თუმცა დღეს, სამწუხაროდ, ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველიც არ არსებობს და ძალიან ბევრი ჩემი პარტნიორი და კოლეგა გადასულია კრიზისისთვის მომზადების პერიოდში. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ახალი პროექტი შეჩერებულია; შეჩერებულია გაფართოების პროექტებიც და მიდის ხარჯების ოპტიმიზაცია. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ბიზნესში მოლოდინები უარყოფითია, ოპტიმიზმის საფუძველი არ არის… თვითგადარჩენის რეჟიმში გადასვლამდე ძალიან ბევრ კომპანიას და ძალიან ბევრ დარგს ცოტა აკლია და დინების მიყოლის შედეგი რა იქნება, უახლოეს 2-3 თვეში გამოჩნდება“, – აღნიშნა ბიზნესმენმა ლევან ყარალაშვილმა.
