ეკვადორში ფართომასშტაბიანი არეულობის გამო, რუსეთში ბანანის დეფიციტია მოსალოდნელი – რა რაოდენობის ბანანს ყიდულობს საქართველო ეკვადორიდან?

რუსმა იმპორტიორებმა აგენტებისგან ბანანის მიწოდების შესაძლო შეფერხების შესახებ გაფრთხილება მიიღეს. ამის შესახებ ს ხილ-ბოსტნეულის იმპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ირინა ნორინამ განაცხადა.
მისი თქმით, პარტნიორებმა გააფრთხილეს, რომ ეკვადორში მიმდინარე მოვლენების შედეგად გამოწვეულმა პანიკამ გამოიწვია პორტების დროებითი დახურვა, სააგენტოების უმეტესობის მიერ კონტეინერების გაშვების გაუქმება, მუყაოს მიწოდების შეფერხება და მწარმოებლების მიერ ბანანის მოჭრის გაუქმება. მომწოდებლები არ გამორიცხავენ, რომ სიტუაციის მალე დასტაბილურების შემთხვევაშიც კი, ფორსმაჟორული გარემოებების გამო ისინი ვერ შეძლებენ დაგეგმილი მოცულობების სრულად მიწოდებას.
თუმცა, ეკვადორის ბანანის მარკეტინგისა და ექსპორტის ასოციაციის (Acorbanec) აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ სალაზარმა თქვა, რომ ბანანის მიწოდება, მიუხედავად აჯანყებისა, შეუფერხებლად მიმდინარეობს და არ შეწყვეტილა.
„როგორც პორტები, ასევე გადაზიდვის ხაზები აგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
„ამ დროისთვის ნაადრევია რაიმე პროგნოზის გაკეთება, 2023 წლის 11 თვის განმავლობაში ბანანის ძირითადი მიწოდება ეკვადორიდან მოდიოდა (1,302 მლნ ტონაზე მეტი 1,306 მლნ ტონიდან)“, – ამბობს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლეონოვი.
Berry Union-ისა და ინდუსტრიული სააგენტოს FruitNews-ის გენერალური დირექტორი ირინა კოზი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ჯერ ნაადრევია რაიმე დასკვნის გაკეთება ეკვადორში არეულობის გავლენის შესახებ რუსეთში ბანანის მიწოდებაზე, რადგან სულ მცირე, რამდენიმე დღე უნდა გავიდეს. მისი თქმით, ბანანის მიწოდება რთული პროცესია, რომელიც მოიცავს ბევრ მიმართულებას – პლანტაციებს, დახარისხების ცენტრებს, ლოგისტიკურ ოპერატორებს, პორტებს და ინსპექტირების ორგანოებს, ამიტომ სიტუაცია დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დაზარალდებიან ისინი. გარდა ამისა, ხილის ნაწილი გზაშია, ეკვადორიდან რუსეთში ზღვით პროდუქტის მიტანას სამი კვირა სჭირდება.
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ თუ ბანანის გადაზიდვა რამდენიმე დღის განმავლობაში შეფერხდა, ეს დიდად არ იმოქმედებს მიწოდებაზე, მაგრამ რამდენიმეკვირიანმა შესვენებამ შეიძლება გამოიწვიოს დეფიციტი.
საქართველოში იმპორტირებული ბანანის 97% ეკვადორიდან შემოდის. აღსანიშნავია, რომ გასული წლის მონაცემებით, საქართველოში ბანანის იმპორტი ბოლო 10 წლის მაქსიმუმზე იყო. 2023 წელს საქართველომ 31.3 მლნ დოლარის ბანანი იყიდა, აქედან აბსოლუტური უმრავლესობა (30.4 მლნ დოლარის, 36 მლნ ტონა) ეკვადორიდან იყო.
ეკვადორის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი ციხიდან გავლენიანი კრიმინალური დაჯგუფების, „ლოს ჩონეროსის“ ლიდერის, ფიტოს გაუჩინარების შემდეგ გამოაცხადა. ამის შემდეგ ქვეყანაში ძალადობრივი მოვლენები განვითარდა. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც შეიარაღებული პირები საპორტო ქალაქ გუაიაკილში, სადაც ციხე მდებარეობს, ტელევიზიის შენობაში პირდაპირი ეთერის დროს შეიჭრნენ. პოლიციამ ტელეარხზე თავდასხმაში მონაწილე 13 შეიარაღებული პირი დააკავა, ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ კი 11 კრიმინალური დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, ისინი სამხედრო სამიზნეებად დაასახელა და შეიარაღებულ ძალებს მათ წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარება უბრძანა.
რამდენად იმოქმედებს ეკვადორში მიმდინარე მოვლენები საქართველოში ბანანის იმპორტზე, ამ თემაზე „კომერსანტი“ მუშაობას აგრძელებს.