ეკვადორის პოლიციამ სულ მცირე 5 პირი დააკავა მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს მთავრობის ავტომობილების კოლონას. ერთ-ერთში ევკადორის პრეზიდენტი დანიელ ნობოა იმყოფებოდა. მისი ადმინისტრაციის ცნობით, დაზიანდა პრეზიდენტის ავტომობილი, რომელსაც ნატყვიარიც აქვს.
თავად პრეზიდენტი ნობოა არ დაშავებულა. ინციდენტის შემდეგ მან განაცხადა, რომ ეკვადორის ხელისუფლება მსგავს ქმედებებს არ მოითმენს და კანონი ყველასთვის ერთია.
ინციდენტი 7 ოქტომბერს მოხდა ეკვადორის ცენტრალურ ნაწილში მდებარე კანიარის პროვინციაში. პრეზიდენტი ნობოა გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად მიემგზავრებოდა წყლის გამწმენდი ახალი სადგურის გასახსნელად. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, კოლონას ალყა შემოარტყა 500-მდე პირმა და პრეზიდენტის ავტომობილს ქვები დაუშინეს.
ნობოას ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ „ტერორიზმისა და მკვლელობის მცდელობისთვის“.
თავის მხრივ, მკვიდრი მოსახლეობის ეროვნულმა ფედერაციამ, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორია, განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ნობოას ჩამოსვლამდე პოლიციელებმა და სამხედროებმა ხალხზე იძალადეს.
ეკვადორში საპროტესტო აქციები სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც მთავრობამ უარი თქვა დიზელის საწვავის სუბსიდირებაზე. ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ახსნა სახელმწიფო ხარჯების შემცირების, საწვავის კონტრაბანდასთან ბრძოლისა და სუბსიდიის გაუქმების შედეგად გამოთავისუფლებული თანხების სხვა სოციალური პროგრამებისთვის გამოყენების საჭიროებით. სუბსიდიის გაუქმება მძიმედ აისახა მცირე მიწების მფლობელ ფერმერებსა და დაბალი შემოსავლების მქონე სხვა მოქალაქეებზე.
დემონსტრანტებმა პრეზიდენტ ნობოას ავტომობილს ქვები დაუშინეს სექტემბრის ბოლოსაც. ინციდენტის დროს მასთან ერთად იმყოფებოდნენ ევროკავშირის ელჩი და ვატიკანის წარმომადგენელი. არავინ დაშავებულა.
ეკვადორში მიმდინარე საპროტესტო აქციები არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. ადგილობრივი მედია აქციის ერთი მონაწილის დაღუპვის შესახებ იუწყებოდა. მთავრობა არეულობების ორგანიზებაში კარტელებს ადანაშაულებს.
37 წლის დანიელ ნობოა, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენის, ალვარო ნობოას ვაჟია, ეკვადორის პრეზიდენტია 2023 წლის ოქტომბრიდან.
ფორუმი
