ეკა ხერხეულიძე მდინარაძეს – არასამთავრობო სექტორს დაკანონებული ძალმომრეობით გააგდებთ ქვეყნიდან – ასევე, წარმოუდგენელია დაპყრობილ ქვეყანაში მტრული სახელმწიფო და სხვა ქვეყნები იყვნენ თანაბარ პირობებში

დეპუტატებს, რომლებსაც ერთი სიტყვის მიუღებლობის გამო შეგიძლიათ დღეს მოკიდოთ ხელი და მანდატურის საშუალებით გააგდოთ, ამ ადამიანებს [არასამთავრობო სექტორს] ჩვეულებრივი დაკანონებული ძალმომრეობით გააგდებთ ქვეყნიდან, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ საპარლამენტო უმრავლესობას, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს წარმდგენს ს.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ეკა ხერხეულიძეს სიტყვა გააწყვეტინა და აღნიშნა, რომ ის რეგლამენტს სცდებოდა.
„ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა, ჩემთვის როგორ შეიძლება უცხო ქვეყანა და მტრული სახელმწიფო იყოს ერთი და იგივე, ვერ იქნება, ვერც ერთ შემთხვევაში. ამიტომ მგონია, რომ ეს პირველი ნაწილი არის ყველაზე ბუნდოვანი და გაუმჭვირვალე, რომ არაფრით არ შეიძლება იყოს პროლოგი თვითონ ამ პროექტის. წარმოუდგენელია დაპყრობილ ქვეყანაში მტრული სახელმწიფო და ასევე, სხვა ქვეყნები იყვნენ თანაბარ პირობებში. ახლა რაც შეეხება იმ შიშებს, რაც ჩვენ გვაწუხებს ამ კანონპროექტიდან გამომდინარე, რომელსაც აქცევთ კანონად ძალმომრეობით – საქმე იმაშია, რომ მედიისთვის, რომელიც დღეს შეზღუდულია აქ და საკუთარი ტელეფონებით მუშაობენ, ადამიანებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ არასამთავრობო სექტორს, არის, პირველ რიგში, შემზღუდავი ეს კანონპროექტი და რატომ – დეპუტატებს, რომლებსაც ერთი სიტყვის მიუღებლობის გამო, შეგიძლიათ დღეს მოკიდოთ ხელი და მანდატურის საშუალებით გააგდოთ, ამ ადამიანებს ჩვეულებრივი დაკანონებული ძალმომრეობით გააგდებთ ქვეყნიდან“, – განაცხადა ხერხეულიძემ.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, არც მას და არც მის კოლეგებს პრობლემას არ უქმნის კრიტიკული აზრის მოსმენა, თუმცა რეგლამენტი ამას არ ითვალისწინებს.
„საკითხზე საუბრობთ, რომელიც არ ეხება საკითხს, რეგლამენტში ჩაიხედეთ. მე არ მაქვს პრობლემა მოვისმინო ნებისმიერი კრიტიკული აზრი, ისევე როგორც ჩემს კოლეგებს, თქვენ თუ ცდებით რეგლამენტით გათვალისწინებული საკითხის განხილვას, ამ შემთხვევაში მე მავალდებულებს რეგლამენტი, რომ ჩამოგართვათ სიტყვა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.