ბავშვებს სწავლის დაწყება უხარიათ, მაგრამ ბევრ მათგანს სწავლა დანგრეული და დაკეტილი სკოლების ხარჯზე უწევს – კორუფციული სქემებისა და ე.წ. მთავრობის უყურადღებობის გამო ასეულობით ბავშვი იძულებულია სწავლა ორ ან სამ ცვლაში, ხალხმრავლობაში, საცობებში მგზავრობით, შორს განთავსებულ სკოლებში განაგრძოს,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თემქის ზღვის უბნის მაჟორიტარობის კანდიდატმა ეკა უდესიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არ არის გარემო, სადაც ბავშვებს სრულფასოვნად შეუძლიათ სწავლა და განვითარება.
„ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და მასწავლებლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებულია – ახალი იმედებითა და შესაძლებლობებით სავსე.
სიხარულთან ერთად, ვალდებულნი ვართ, ვთქვათ სიმართლე: დღეს, ბავშვებს სწავლის დაწყება უხარიათ, მაგრამ ბევრ მათგანს სწავლა დანგრეული და დაკეტილი სკოლების ხარჯზე უწევს. 157-ე საჯარო სკოლა დედაქალაქში 2 წელია დაკეტილია. მე-4, მე-10 და მე-11 სკოლებში ისევ მიმდინარეობს რემონტი, მე-14 სკოლაც ნახევრად დანგრეულია, 113-ე და 96-ე სკოლები კი – მიწასთან გასწორებული.
კორუფციული სქემებისა და ე.წ. მთავრობის უყურადღებობის გამო ასეულობით ბავშვი იძულებულია სწავლა ორ ან სამ ცვლაში, ხალხმრავლობაში, საცობებში მგზავრობით, შორს განთავსებულ სკოლებში განაგრძოს. ეს არ არის გარემო, სადაც ბავშვებს სრულფასოვნად შეუძლიათ სწავლა და განვითარება.
ეს არის „ოცნების“ ყალბი ზრუნვა ბავშვებზე, მათ უსაფრთხოებასა და განათლებაზე.
თბილისი უნდა იქცეს ქალაქად, სადაც ყოველი ბავშვი ღირსეულად და თანაბარ პირობებში შეძლებს განათლების მიღებას, სადაც ყველა სკოლა იქნება უსაფრთხო, თანამედროვე და მოსწავლეებზე ორიენტირებული.
კიდევ ერთხელ გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას და გპირდებით – ერთად ავაშენებთ ისეთ თბილისს, სადაც განათლება იქნება ხელმისაწვდომი ყველა ბავშვისთვის“,- განაცხადა უდესიანმა.
