ეკა სეფაშვილი: …რეპრესიები ერთადერთი ასეთი ძალების მიმართ განხორციელდება

გრანტებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია ის შავი ხვრელები, რომლებიც აღმოაჩინეს არასამთავრობოებმა და მათმა პატრონებმა უცხოეთიდან, ამოიგმანოს, რათა საქართველოში არ მოხვდეს ისეთი ფული, რომელიც არის უკანონო და რაც მთავარია, არ მოხდეს ამ უკანონო ფულით უკანონო ქმედებების დაფინანსება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ხალხის ძალის” დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა „გრანტების კანონში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ამ კანონში ცვლილებებისკენ მათ მარტა კოსის განცხადებამ უბიძგა.

„გრანტებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების უპირველესი მიზანია ის შავი ხვრელები, რომლებიც აღმოაჩინეს არასამთავრობოებმა და მათმა პატრონებმა უცხოეთიდან, ამოიგმანოს, რათა საქართველოში არ მოხვდეს ისეთი ფული, რომელიც არის უკანონო და რაც მთავარია, არ მოხდეს ამ უკანონო ფულით უკანონო ქმედებების დაფინანსება. განსაკუთრებით კი ისეთის, რომელიც ემუქრება სახელმწიფოს კონსტიტუციურ წყობილებას და სახელმწიფო გადატრიალებას. ჩვენ ამ კანონის ცვლილებებისკენ გვიბიძგა და გარკვეულწილად, ერთ-ერთი მიზეზი იყო მარტა კოსის განცხადება, რომელმაც სრულიად უტიფრად, ევროკავშირის მაღალი ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ისინი ეძებენ საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლის გზებს. ასევე, რამდენიმე თვის წინ, ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში 17 მლნ დოლარის თანხა იყო შემოსული სხვადასხვა გზების გამოყენებით სწორედ მსგავსი ტიპის არეულობის მოსაწყობად. თავისთავად ცხადია, რომ სახელმწიფომ, პირველ რიგში, უნდა დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება, მოსახლეობის მშვიდობა, მათი ჯანმრთელობა, სიცოცხლე. სწორედ აქეთკენ არის მიმართული. არავის რეპრესიების წინააღმდეგ არ არის მიმართული. ერთადერთი რეპრესიები განხორციელდება სწორედ ასეთი ძალების მიმართ, რომლებიც აპირებენ ძალადობრივი მეთოდებით სახელმწიფოს წყობილების შეცვლას უცხოეთიდან უკანონო გადმორიცხული ფულით. სხვა შემთხვევაში, ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაციები თუ სხვა სუბიექტები ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას და მათთვის არანაირი ხელის შემშლელი არ არის ახალი საკანონმდებლო ცვლილებები.

რაც შეეხება საერთაშორისო კრიტიკას, პასუხად შემიძლია განვაცხადო, რომ როგორც ჩანს, ეს არის სწორედ ის ხალხი, რომლებიც ემსახურებიან იმ გლობალურ ძალებს, რომლებსაც სურთ ფულის გადმორიცხვა საქართველოში უკანონო საქმიანობების დასაფინანსებლად. იმიტომ, რომ არავითარ რეპრესიებს ჩვეულებრივი გრანტებისა და საქმიანობისთვის ეს არ ითვალისწინებს. ისინი აჟღერებენ სწორედ იმ დაკვეთას და იმ მიზნისთვის იღვწიან, რომ მოახერხონ საქართველოში არალეგიტიმური ფულის შემოსვლა არალეგიტიმური საქმიანობისთვის. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც მიმართულია საქართველოზე საერთაშორისო ზეწოლის განსახორციელებლად. მათ საერთო არაფერი აქვთ რეალობასთან და არის მხოლოდ და მხოლოდ იმ საერთო, გლობალური პოლიტიკის ნაწილი, რომელიც განსაზღვრულია და შემუშავებულია საქართველოზე ზეწოლის მოსახდენად“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ცნობისთვის, “გრანტების შესახებ” კანონში დაგეგმილია ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ფართოვდება „გრანტის“ განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით, ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება“ განმარტავს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობას არსებითად საქართველოში ახორციელებს, მოუწევს დაფინანსების მისაღებად საქართველოს მთავრობას მიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის წესით დაეკისრება.