ეკა სეფაშვილი – ოპოზიციის გაერთიანებების „მუქარა“ ძალიან ბევრჯერ მოვისმინეთ, მოშიმშილეების მოთხოვნები კი ჩემთვის გაუგებარია – არა მგონია, რამეს მიაღწიონ

ოპოზიციის გაერთიანებების „მუქარა“ ძალიან ბევრჯერ მოვისმინეთ, თუმცა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს ერთიანი პროგრამით ან ლოზუნგით გამოსვლა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ პარტიები, რომელთა აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართონ, გაერთიანდებიან.
მისი თქმით, „ოპოზიციის ეს რადიკალური ფრთა არ არის ოპოზიცია, ისინი არიან აგენტები, რომელიც უცხოური პატრონების დავალებას ასრულებენ“.
„ოპოზიციის ეს რადიკალური ფრთა არ არის ოპოზიცია, ისინი არიან აგენტები, რომელიც უცხოური პატრონების დავალებას ასრულებენ. მათი გაერთიანებების „მუქარა“ ძალიან ბევრჯერ მოვისმინეთ, თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ოთხ წელში, ვერც ერთხელ ვერ შეძლეს ერთიანი პროგრამით ან ლოზუნგით გამოსვლა. მათი ბრძოლა არა „ქართული ოცნების“, არამედ საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს. სწორედ ამას არ პატიობს ქართველი ხალხი მათ. ამ ბრძოლაში მათ წარმატების შანსი არ აქვთ – ზუსტად ისევე დაიშლებიან, როგორც აქამდე არაერთხელ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, რომელიც მოშიმშილე მოქალაქეებს უკავშირდებოდა, სეფაშვილმა უპასუხა, რომ შიმშილობა მათი უფლებაა და შეუძლიათ იშიმშილონ, მაგრამ რას მოითხოვენ მისთვის გაუგებარია.
„შიმშილობა მათი უფლებაა, შეუძლიათ იშიმშილონ, მაგრამ რას მოითხოვენ, ჩემთვის გაუგებარია. არა მგონია, რამეს მიაღწიონ. მე მოვუწოდებ, რომ არ დაიზიანონ ჯანმრთელობა – ეს შედეგს არ მოიტანს, რადგან მათ არავინ არ აჰყვება. არ არის მათი შიმშილობის საფუძველი არც დემოკრატიული, არც სამართლიანი და არც სწორი. ასე რომ, მოვუწოდებ, რომ არ დაიზიანონ ჯანმრთელობა და არ იშიმშილონ“, – განაცხადა სეფაშვილმა.
ცნობისთვის, „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებისა და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით პოლიტიკოსმა, გედევან ფოფხაძემ, დარეჯან ცხვიტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა საქართველოს პარლამენტთან შიმშილობა გუშინ დაიწყეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)