ეკა სეფაშვილი ნათია თურნავას: მადლობა თქვენ და თქვენს გუნდს, რომ ახერხებთ ასეთი რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე საქართველოში მონეტარული სტაბილურობის შენარჩუნებას

ეკა სეფაშვილი ნათია თურნავას: მადლობა თქვენ და თქვენს გუნდს, რომ ახერხებთ ასეთი რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე საქართველოში მონეტარული სტაბილურობის შენარჩუნებას
პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათიას თურნავას ანგარიშის მოსმენისას, ეროვნული ბანკის საერთაშორისო ურთიერთობების დინამიკასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დასვა.
დეპუტატი საქართველოს ევროკავშირის ერთიანი გადახდის სისტემაში ჩართვის პროცესით დაინტერესდა. მისი თქმით, SEPA-ში გაერთიანებასთან დაკავშირებით კანონთა პაკეტი წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო.
“საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ეროვნული ბანკის ურთიერთობა ხშირად ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში დიდი პოლიტიკური დებატებისა და სპეკულაციების საგანია“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა და დააზუსტა არსებობს თუ არა რაიმე სახის გამოწვევები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობის მხრივ.
„ქალბატონო ნათია, პირველ რიგში, მადლობა თქვენ და თქვენს გუნდს, რომელიც ახერხებთ ასეთი რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე საქართველოში მონეტარული სტაბილურობის შენარჩუნებას. გარდა ამისა, მთელი რიგი მიღწევებია, კერძოდ აღვნიშნავდი დედოლარიზაციის გაზრდილ დონეს, რაც მარტივი არ არის გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და ქვეყნის შიგნით გამუდმებული პოლიტიკური კრიზისების ფონზე. ესეც მნიშვნელოვანია და ამას ადასტურებს მონეტარული პოლიტიკის უცვლელი განაკვეთი, რომელიც რამდენიმე თვეა ნარჩუნდება ერთსა და იმავე დონეზე, რაც ბიზნესისთვის, ზოგადად საერთაშორისო ინვესტიციებისა და საშინაო ინვესტიციებისთვის არის საუკეთესო სიგნალი, რომ ქვეყანაში ვითარება სტაბილურია მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით. ასევე მნიშვნელოვანია მონეტარული პოლიტიკის, კერძოდ ეროვნული ვალუტის კურსის მართვა რეზერვების საშუალებით, რაც უმაღლეს დონეზე ხორციელდება და არ ხდება რეზერვების უაზროდ ფლანგვა. მხოლოდ იმ შემთხვევაში ახორციელებს ეროვნული ბანკი ინტერვენციას, როცა კურსის მერყეობა ნამდვილად მოკლევადიან ხასიათს ატარებს და ე.წ ოვერშუთინგს, გადაცდომას აქვს ადგილი. ამ მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა მართლაც შთამბეჭდავია.
ამ ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო ურთიერთობების დინამიკას მინდა შევეხო. მოგეხსენებათ, წინა მოწვევის პარლამენტში მივიღეთ კანონმდებლობის პაკეტი, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ერთიანი გადახდის სისტემაში SEPA-ში (Single Euro Payments Area) ჩართვის შესაძლებლობას ითვალისწინებს. ამ მიმართულებით თქვენი შეფასება მაინტერესებს, რამდენად მზად არის საქართველო, რომ გახდეს ამ სისტემის სრულფასოვანი წევრი და თუ არსებობს გამოწვევები, რა ტიპის გამოწვევებია ამ გზაზე?
ჩემი მეორე კითხვა შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ეროვნული ბანკის ურთიერთობას. მოგეხსენებათ ეს საკითხი ხშირად ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში დიდი პოლიტიკური დებატებისა და სპეკულაციების საგანია. თქვენ აღნიშნეთ, რომ ურთიერთობა დადებითი დინამიკით ხასიათდება. არსებობს თუ არა რაიმე გამოწვევები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობაში და თუ არის, რამდენად რთულია გადასალახად?“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ნათია თურნავას განმარტებით, ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის მხრიდან SEPA-ში გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა მოთხოვნა შესრულებულია და ყველაფერი კეთდება ამ პროცესის დაჩქარებისთვის. რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, ამ კუთხით ხელის შემშლელი ფაქტორები არ არსებობს, მნიშვნელოვანია მოინახოს ფორმატი, რომელიც საქართველოსთვის ყველაზე მეტად მისაღები იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ბრიუსელში ამ საკითხს არ ჰყავს ბევრი მხარდაჭერი, თუმცა კვლავ გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ეს თემა გამოიყენონ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ – მაკა ბოჭორიშვილი უვიზო მიმოსვლის საკითხზე

სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი გიორგი მიქელაძე ესტონეთის ელჩს- ყველა ის სახელმწიფო, რომელიც უსამართლო მოთხოვნებით და ორმაგი სტანდარტებით სარგებლობს, აზარალებს იმ სახელმწიფოს სტატუსს და იმიჯს მოსახლეობაში