ეკა სეფაშვილი კაია კალასზე: მას სურს, საქართველოს ხელისუფლება აიძულოს, შეასრულოს მათი ისეთი მითითებები, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესს
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის მიერ ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებას, „ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას.“
დეპუტატის თქმით, კაია კალასის სურვილია, საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულოს მათი ისეთი მითითებები, რაც ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოა. „მას სურს, საქართველოს ხელისუფლება აიძულოს, შეასრულოს მათი ისეთი მითითებები, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესს იმიტომ, რომ პირველი რასაც გვთხოვენ ევროკავშირიდან, ეს არის გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების უკან გაწვევა და ორმხრივი სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციისათვის. განვიხილოთ ცალ-ცალკე, რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის. რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება ნიშნავს უსაფრთხოების პრობლემების შექმნას საქართველოსთვის. ეს გამოიწვევს დაძაბულობის ესკალაციას, რომელიც ძალიან დიდი ალბათობით სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზრდება.
ასევე, რუსეთთან პირდაპირი ორმხრივი სანქციების დაწესება გამოიწვევს, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის შემცირებას მნიშვნელოვანი პროცენტით და ეს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი თვითონ აგრძელებს ვაჭრობას რუსეთთან სხვადასხვა მიმართულებით. არამარტო ნავთობპროდუქტებით, არამედ ფარმაცევტული კუთხით, ასევე ალკოჰოლური სასმელით – ღვინით, თავის დროზე ალმასებითაც ვაჭრობდნენ და ჩვენ, ახლა გვეუბნებიან სანქციები დავუწესოთ რუსეთს და თავად უნდა ივაჭრონ. ჩვენი ეკონომიკა უნდა ჩავარდეს, უსაფრთხოებას უნდა შეექმნას საფრთხე იმიტომ, რომ მათ ასე სურთ? რაც შეეხება ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის უკან გაწვევას – ეს ნიშნავს, რომ უნდა მოვახდინოთ ლგბტ თემის პროპაგანდა, რასაც ეს კანონი კრძალავს. ამას არ ითხოვს ქართველი ხალხი. საპარლამენტო არჩევნების დროს სწორად ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას დაუჭირა მხარი ქართველმა ხალხმა. გამჭვირვალობის კანონის გაწვევას კი ითხოვენ იმიტომ, რომ სურთ შავი ფული შემოვიდეს საქართველოში და დააფინანსონ ისეთი აქტივობები, რომელიც გამოიწვევს საქართველოს ხელისუფლების და კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას. დემოკრატიულად ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა არსებობს – არჩევნები, სადაც ვერავითარ შედეგს ვერ აღწევენ. ამ ყველაფერს ითხოვენ ჩვენგან და ფუთავენ ვითომ კეთილშობილური სიტყვებით, თუმცა რეალობა არის ის, რასაც ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია მოითხოვს ჩვენგან. იმედი მაქვს, რომ მალე ეს ხალხი აღარ იქნება ევროკავშირის სათავეში,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.


