მგონია, რომ დღეს ყველანაირი პროტესტი მნიშვნელოვანია. ხალხს არჩევანის უფლება მოპარეს და მოქალაქეებს აქვთ უფლება თავიანთი აზრი გამოხატონ და არ შეურიგდნენ ამ უსამართლობას, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა ეკა გიგაურმა, თსუ-ს პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, აქციის მონაწილეებმა ერთმანეთსაც და მსოფლიოსაც უნდა აჩვენონ, რომ უსამართლობას არ შეეგუებიან.
„ჩვენმა პარტნიორებმა არჩევნები არ აღიარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობას გამარჯვებას მიულოცავდნენ. ეს არ კეთდება იმიტომ, რომ ამ არჩევნებთან მიმართებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი საუბრობს, რომ საერთაშორისო გამოძიება უნდა ჩატარდეს.
მგონია, რომ ევროკავშირში საუბარი შეეხება თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რა ნაბიჯები გადაიდგმება ევროკავშირის მხრიდან, ერთი მხრივ, რომ ევროკავშირის მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერა იყოს და მეორე მხრივ, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებმაც არჩევნების გაყალბება გადაწყვიტეს და ამ პროცესში ჩართულები იყვნენ“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
ცნობისთვის, ვარაზისხევის, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების კვეთაზე არსებული გზაჯვარედინი ამ დრომდე პარალიზებულია. აღნიშნულ მონაკვეთზე გუშინ, 20:00 საათიდან კარვები გაიშალა. მომიტინგეები ადგილზე 24 საათით აპირებენ დარჩენას. ოპოზიცია შემდგომ სამოქმედო გეგმას, დღეს საღამოს, 19:00 საათზე გაასაჯაროებს.
აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და არჩევნების მიმდინარეობისას მთავარი უფლება – ხმის ფარულობა დაირღვა, რის გამოც ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად ღამე კარვებში გაათენეს.