ეკა გიგაურის ადვოკატი – წარმოდგენა არ მაქვს, რა კითხვები ექნებათ, ჩვენ პასუხები ყველაფერზე გვაქვს – ჩვენი საქმიანობა არის საჯარო და კანონიერი

წარმოდგენა არ მაქვს, რა კითხვები ექნებათ, ჩვენ პასუხები ყველაფერზე გვაქვს, – ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის მცდელობის საქმეზე, მოწმის სახით, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოსაკითხად დაბარებული, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის ადვოკატმა, ალექსანდრე ბარამიძემ ჟურნალისტებს გამოკითხვის დაწყებამდე განუცხადა.
მისივე თქმით, ორგანიზაციის საქმიანობა არის საჯარო და კანონიერი.
„არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს იბარებენ უცნაური კითხვების დასასმელად. ამჯერად ეკა გიგაურზე შეაჩერეს ყურადღება, მაგისტრანტ მოსამართლესთან არის საკითხი. წარმოდგენა არ მაქვს, რა კითხვები ექნებათ, ჩვენ პასუხები ყველაფერზე გვაქვს. ჩვენი საქმიანობა არის საჯარო, კანონიერი, საქართველოს და მისი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისი და ამაზე ვიტყვით, რასაკვირველია“, – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
ცნობისთვის, 27 აგვისტოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ (ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის”, ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველების” , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” , ა(ა)იპ „საფარის” , ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას. მოგვიანებით, საქართველოს პროკურატურამ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა