ლევან ხაბეიშვილმა თავად ითხოვა ჩემთან შეხვედრა, გულწრფელად გეტყვით, რომ არ მქონდა ამის სურვილი, მაგრამ ჩემს განწყობას გადავაბიჯე, – ამის შესახებ „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა, იურისტმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში” განაცხადა.
ბესელია, რომელიც დღეს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ შევიდა და ხაბეიშვილს ვერ შეხვდა, თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობის” დაპატიმრებულ ერთ-ერთ ლიდერს მისთვის რაღაცის გაზიარება სურდა.
„ლევან ხაბეიშვილმა თავად ითხოვა ჩემთან შეხვედრა, თავის ადვოკატს დააბარა ჩემთან რამდენჯერმე და მთხოვა, რომ როგორმე შევსულიყავი. მისი დედა იყო მოსული გუშინ ოფისში, მოაწერა ხელი ამ თხოვნას (სპეციალური ფორმა ივსება, როდესაც პატიმარი ითხოვს შეხვედრას) და მთხოვა, რომ შევსულიყავი. რა თქმა უნდა, თუ შემიძლია, ჩემი განწყობების მიუხედავად, არ ვარჩევ შევხვდე თუ არ შევხვდე. როგორც ექიმს აქვს ფიცის ერთგულების ვალდებულება, ჩვენ, ადვოკატებს გვაქვს ჩვენი პროფესიული სტანდარტი.
გამიკვირდა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი არც არასდროს ვყოფილვარ და არც არასდროს ვიქნები და ბოლო პერიოდში თავდასხმების მეტი არაფერი არ მახსოვს მათი ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან. ანი წითლიძე ხანდახან ისეთ ბოდვებს წერს და ისეთ სიგიჟეებს ლაპარაკობს, მგონია, რომ საერთოდ არეული აქვს, ვის წინააღმდეგ იბრძვის და რას აკეთებს, ასევე ბევრი სხვა მათი მომხრე. იყო ბევრი უცენზურო, უტაქტო, არაეთიკური კომენტარები, მაგრამ, ამის მიუხედავად, რადგან რამდენჯერმე მის ადვოკატს დააბარა და ადვოკატმა მთხოვა, რომ შევსულიყავი, ჩავთვალე, რომ ალბათ რაღაც აქვს სათქმელი, გადავაბიჯე ჩემს განწყობას. გულწრფელად გეტყვით, რომ არ მქონდა ამის სურვილი, მაგრამ რადგან ითხოვა, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც თავის სურვილებით მოქმედებს, მე პატივს ვცემ ჩემს პროფესიულ სტანდარტს. არ ვიცი, ალბათ რაღაცის თქმა უნდა, რაღაცის გაზიარება უნდა”, – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, იურისტ ეკა ბესელიას განცხადებით, მას რუსთავის ციხეში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის და სხვა პატიმრების მონახულება სურდა, თუმცა პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ შევიდა.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მიზეზად დაუსახელეს ჯვრის ტარება. ბესელიას განმარტებით, აქამდე ყოველთვის ჯვრით შედიოდა ციხეში და ეს პრობლემა არ ჰქონია.
