საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადვოკატი ეკა ბესელია დღეს ოფიციალურად წარადგენს მოთხოვნას პროკურატურაში, რომ დაიწყოს გამოძიება 18 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სალომე ზურაბიშვილზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ისინი მოითხოვენ, რომ გამოძიება დაიწყოს ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების და ასევე მათი დავალების მიმცემთა გამოსავლენად და პასუხისმგებლობისთვის.
“ოფიციალურად წარვადგენ მოთხოვნას მისი სახელით, რომ გამოძიება დაიწყოს ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების და ასევე მათი დავალების მიმცემთა გამოსავლენად და პასუხისმგებლობისთვის. არ შეიძლება ასეთი ფაქტები რჩებოდეს რეაგირების გარეშე. ასევე მოთხოვნილია, რომ ამოღებული იქნება ყველა ვიდეო კამერა, რომელიც აქვს აეროპორტს, და აეროპორტი როგორც შიდა ისე გარე პერიმეტრზე სრულად კონტროლდება. თუმცა, არც ერთი პოლიციელი არ იმყოფებოდა არც ამ თავდასხმამდე და არც ამ თავდასხმის შემდეგ არავინ გამოჩენილა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული, რომ არ გამოჩენილიყვნენ. ვითხოვთ ასევე, რომ მოხდეს ქალბატონი პრეზიდენტის დაკითხვა, რომ მისცეს ამ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია. ეს საგამოძიებო მოქმედებები უნდა დაიწყოს და ჩატარდეს. ასევე წარვადგენ დღეს სამედიცინო დოკუმენტაციას. სადაც დადასტურებულია და არის აღნიშნული, რომ აღენიშნებოდა, როცა ისროდნენ იმ საგნებს და კვერცხებს და კიდე გასარკვევია რას ისროდნენ, დაზიანების ადგილი. ეტყობოდა ვიზუალურად და სამედიცინო დოკუმენტაციაც გვაქვს. საავადმყოფოც ვალდებულია და გააგზავნის ამ ინფორმაციას პროკურატურაში, მაგრამ ჩვენც უკვე ამოვიღეთ ეს ინფორმაცია და მე ამასაც წარვადგენ დღეს. ამ მოთხოვნას შეიტანს დღეს გენერალური პროკურორის სახელზე”, —- განაცხადა ეკა ბესელიამ ტვ პირველთან.