ეკა ბესელია – კანონზე, რომელმაც ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა, საუცხოო სამკაულის და საუცხოო ვარცხნილობის ტოლფასი აღქმა, სასაცილოც აღარ არის – ეს ნიშნავს, რომ პარლამენტს არ აქვს განცდა, რა გააკეთეს, რა დააზიანეს, რა გააფუჭეს

პარლამენტმა ეს კანონი [უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ] საუცხოო სამკაულს და ვარცხნილობას შეადარა. ამ დონეზე იხილავდა გუშინ ამ კანონს, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, ს წარმომადგენელმა, მ განაცხადა.
როგორც ბესელია განმარტავს, პარლამენტს იმის განცდა არ აქვს, თუ რა მნიშვნელობის კანონი განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში.
„საუცხოო სამკაულის და საუცხოო ვარცხნილობის ტოლფასი აღქმა, სასაცილოც აღარ არის. ინსტიტუციურად ეს პარლამენტს როგორ ამცირებს და აკნინებს, არ ვიცი. ვისურვებდი, რაღაც სერიოზული, წონადი არგუმენტი მოვისმინო. გუშინ, რაც გესმოდათ იყო ის, რომ პარლამენტმა ეს კანონი საუცხოო სამკაულს და ვარცხნილობას შეადარა, ამ დონეზე იხილავდა ამ კანონს. თქვენ წარმოგიდგენიათ, კანონმა, რომელმაც ქვეყნის ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა და უდიდესი ზიანი მიაყენა, ასეთ დონეზე იყოს წარმოდგენილი, რომ არ გესმოდეს, სად ხარ მოსული? ამ თანამშრომლების გამო ძალიან ვწუხვარ და ამ ახალგაზრდებთან პოლემიკაში ვერ შევალ, ახალგაზრდები, აპარატის თანამშრომლები არიან და მათთან პოლემიკაში შესვლა ჩემთვის ძალიან უხერხულია, მაგრამ როცა პარლამენტს არ აქვს იმის განცდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში, ამ მნიშვნელობის საქმეზე ასეთი არასერიოზული განცხადებების მქონე წარმომადგენლობას უშვებს, ეს ნიშნავს, რომ არც აქვთ განცდა, რა გააკეთეს, რა დააზიანეს, რა გააფუჭეს და დაცვის უნარიც არ აქვთ. დასანქცირებულები ვინც არიან ამ კანონის გამო, ალბათ, სასამართლოშიც ვერ შემოდიან. ნაკლები მოლოდინი მაქვს, რომ დღეს სამინისტრო რამეს გააკეთილშობილებს, ისედაც მძიმეა პოზიცია, რომელიც პარლამენტს აქვს, მაგრამ კითხვა-პასუხის დროს ჩვენ ბევრ იმ უპასუხისმგებლო და სრულიად გამოფიტულ არგუმენტებზე გვექნება პასუხები, რაც სასამართლომ, ხალხმა უნდა მოისმინოს, თორემ, გუშინ რაც ისმოდა დარბაზში, პასუხის ღირსად მე მგონია, რომ არ ღირს“, – განაცხადა ბესელიამ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე პარლამენტის წარმომადგენელმა, ქრისტინე კუპრავამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ტერმინი “უცხო” სტიგმატიზების ეფექტის მატარებელი არ არის.”ჩვენ ხშირად გავიგონებთ: – რა უცხო სამკაულია ან რა უცხო ვარცხნილობაა… როცა ვამბობთ: – უცხო სამკაული, უცხო ვარცხნილობა, უცხოური განათლება ან უცხო გარეგნობა, ეს აპრიორი იმას არ ნიშნავს, რომ ან დადებითისკენ გადავიხარეთ ან – უარყოფითისკენ”, – განაცხადა ქრისტინე კუპრავამ.

ასევე დაგაინტერესებთ