ირაკლი ღარიბაშვილის სუს-ში გამოკითხვაზე – არ მჯერა, რომ მიმდინარეობს კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის შიდა ბრძოლა – კორუფციაში ჩართულობა არის მეთოდი, რომლითაც დღეს სისტემა იმართება

„მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებლისა და იურისტის, ს განცხადებით, გამოძიების მიერ გამოყენებული ფორმულირება – „გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლა“ – სამართლებრივად ბრალდების სრულად აღიარებას ნიშნავს.
როგორც ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, სუს-ში გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიებას შეურჩევენ, მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა უკვე ბრალდებულის სტატუსით განიხილებოდეს.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, გამოძიების განცხადებებიდან ირკვევა, რომ ბრალის წარდგენა და შესაბამისი აღკვეთის ღონისძიების შერჩევა მოსალოდნელია:
„თუ თვითონ ღარიბაშვილი აღიარებს იმას, რასაც გამოძიება ედავება და როგორც ჩანს, ბრალის წარდგენა შემდგომ მოხდება. ყველა შემთხვევაში მოხდება ბრალის წარდგენა, ეს დღეს უკვე თქვეს, რომ აღკვეთ ღონისძიებას შეურჩევენ და აღკვეთს მხოლოდ ბრალდებულებს ურჩევენ, ის არ ხდება მოწმის მიმართ.
ორი ვერსიაა: აღმკვეთის ღონისძიების შერჩევის დროს, ჯერ ხდება ბრალის წარდგენა, შემდეგ აღკვეთის. აღკვეთის დროს შეიძლება პროკურორი მოელაპარაკოს და გირაო შეეფარდოს. შემდეგი 24 საათით შეიძლება დააკავონ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისთვის. ფრაზა – „სრულად ითანამშრომლა“ იურიდიულად ნიშნავს იმას, რომ სრულად აღიარა ის, რასაც ედავებიან.
სამართლის ლოგიკას რომ გავყვეთ, თუ აღიარებ უკანონო შემოსავლებს, შესაბამისად, წყაროც ხომ უნდა დაასახელო, საიდან არის ეს უკანონო შემოსავალი. ე.ი. მას ჰყავს კონკრეტული ადრესატი. შესაბამისად, ის წყაროებიც სახელდება.
კორუფცია არ არის მხოლოდ თანხის აღება. კორუფცია იურიდიულად, მათ შორის ნიშნავს გავლენებით სარგებლობასაც“,- განაცხადა ბესელიამ.
ეკა ბესელიას თქმით, ჯერ უცნობია, საბიუჯეტო თანხების მითვისებაზეა საუბარი თუ უკანონო სარგებელზე. მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში საქმე კორუფციულ დანაშაულს ეხება.
„არ ვიცით საბიუჯეტო თანხების მითვისებაზე ლაპარაკობენ თუ მიღებულ უკანონო სარგებელზე. რაზეა საუბარი ჯერ ცხადად არ ვიცით, ეს გამოძიებამ ცხადად უნდა თქვას. ნებისმიერ შემთხვევაში არის კორუფციული დანაშაულის ერთ-ერთი ფორმა“,- აცხადებს ბესელია.
ბესელია მიმდინარე პროცესებს არ განიხილავს კორუფციასთან ბრძოლის რეალურ მცდელობად. მისი მტკიცებით, საქმე გვაქვს ხელისუფლების შიგნით გავლენის შენარჩუნებისა და ზეწოლის მექანიზმის მეთოდთან.
ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ არ სჯერა, თითქოს არ ფლობს ინფორმაციას ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურაში მიმდინარე პროცესებზე:
„არ მჯერა, რომ ეს არის კორუფციასთან ბრძოლა. ეს მართლა კორუფციასთან ბრძოლა, რომ იყოს, ბევრად უფრო ფართო იქნებოდა პირთა წრე. მე უფრო მგონია, რომ ეს არის მართვის ერთ-ერთი მეთოდი, რომლითაც ხდება ადამიანებზე ზემოქმედება და ზეწოლა. ეს არის მეთოდი, გარდა იმისა, რომ ამით ადამიანებს აჩუმებენ, მათ შორის კორუფციაში ჩართულობა არის მეთოდი, რომლითაც იმართება დღეს სისტემა. არ მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს ინფორმაცია თუ რას აკეთებდა მათიკაშვილის, ზარდიაშვილის, ინფრასტრუქტურის ან მერიის ჯგუფები. არ მჯერა, რომ ეს ინფორმაცია არ ჰქონდა. არ მჯერა, რომ მიმდინარეობს კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის შიდა ბრძოლა“, – განაცხადა ბესელიამ.