საბოლოოდ საქმე ჩამოინგრა, დარჩა ყდა, ცარიელი საქაღალდე და ბრალდებაც შეიცვალა, ოღონდ მოსამართლემ აქაც კანონი დაარღვია და გამამართლებელი განაჩენი ვერ გაბედა, – ასე ეხმაურება „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელი და ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი, ეკა ბესელია აქციების დროს დაკავებული რვა პირისთვის თავისუფლების აღკვეთას.
როგორც ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, საქმე გვაქვს პოლიტიკურ ვერდიქტთან, რასაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებებიც ადასტურებს.
„ეს ადამიანები, ვინც სამართლდებიან, არ არიან მოძალადეები, არიან მომავლის მცველები, საქართველოს ევროპული გზის დამცველები. არიან უკეთესი მომავლისთვის მებრძოლები და არა მოძალადეები. ხომ გვიმტკიცებდნენ, რომ მოძალადეები არიან? მეცხრე თვე იწურება, ხუთ სექტემბერს გახდება ცხრა თვე და გამოჩნდა, რომ არაფერი არ არის, რომელიც ძალადობას ადასტურებს. მეტიც, ადვოკატების ჩვენმა ჯგუფმა ვაჩვენეთ ვიდეომასალა სასამართლოს, სადაც ჩანს, ანდრო ჭიჭინაძე როგორ იცავს მოქალაქეებს.
საბოლოოდ ეს საქმე ჩამოინგრა, ეს საქმე დარჩა ყდა, ცარიელი საქაღალდე და ბრალდებაც შეიცვალა, ოღონდ მოსამართლემ აქაც კანონი დაარღვია და გამამართლებელი განაჩენი ვერ გაბედა და შუა გზაზე გაჩერდა. ბრალდებას როდესაც ცვლის მოსამართლე განაჩენის დროს, იმ ბრალდების ფარგლებში ხომ არ ვიცავდით ჩვენ ბრალდებულებს? 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა. სასამართლოს, როგორც წესი, ეკრძალება განაჩენით შეცვალოს მუხლი იმიტომ, რომ ადამიანებს არ აძლევ თავის დაცვის საშუალებას. კანონით ეს აკრძალულია, რადგან მოსამართლეს უწერია საპროცესო კოდექსში, რომ იმ ბრალდების ფარგლებში იხილება საქმე, რაც წარდგენილია. ეს თუ არ ვცდები მამუკა ხაზარაძის საქმეშიც გააკეთა სასამართლომ. ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, კანონს, ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგება, არ შეიძლება ამის გაკეთება. მოსამართლემ ვერ გაბედა გამამართლებელი განაჩენი და შუაში გაჩერდა. შეეძლო დარბაზიდან გათავისუფლება და ვერ გააკეთა.
ეს არის პოლიტიკური ვერდიქტი. ყველა ეს საქმე არის პოლიტიკური და ამას ადასტურებს კობახიძის განცხადებები, მან არაერთი ცუდი კომენტარი გააკეთა ამ საქმეებზე. წინასწარ გამოაცხადა ისინი დამნაშავეებად, ამიტომ ყველა ეს საქმე არის პოლიტიკური“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხია კასრაძეს 2 წლითა და 6 თვით, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს კი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
